„ტყუილია, თითქოს რაჭაში გაიყიდა ტყე. რაჭაში ტყე არ გაყიდულა“, – კიდევ ერთხელ ეხმაურება რაჭის ტყეების თემას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნაღქვამია, რომ „ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.
რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს – შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმაცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში.
რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერ გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უწყვეტმა პროტესტმა რაჭის ტყეების ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით რაჭიდან თბილისში დღეს გადმოინაცვლა.
ტერიტორიაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა უნდოდათ. ამასთან, მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.
ინფორმაციისთვის, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ აქვს, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განცხადება განაცხადა, რომ რაჭის ტყეებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორიის შექმნა იგეგმება და ეს სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვას გამოიწვევს.