ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურში ტყის მცველის თემურ მგალობლიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ოთხი ადამიანია დაკავებული. სააგენტოს ცნობით, მგალობლიშვილი დაზიანებებით ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცველმა თემურ მგალობლიშვილმა. ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა. თემურ მგალობლიშვილი დაზიანებებით გადაყვანილია ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოში. დაზარალებული ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ მოინახულა. შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს” – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.