ტყიბულში გათავისუფლებული მეშახტეების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

3 იანვარს ტყიბულის მერიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელზეც გააპროტესტეს „საქნახშირიდან“ თანამშრომლების გათავისუფლება – როგორც ყოფილი დასაქმებულები ამბობენ, პოლიტიკური ნიშნით – და ვადამდელი მოითხოვეს.
„38 ადამიანი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან პოლიტიკური მოსაზრებების გამო და სწორედ ამის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ“, – ამბობს უფლებადამცველი ვახუშტი მენაბდე.
დღევანდელი აქციის მოთხოვნებია:
· აღდგნენ გათავისუფლებულები სამსახურში;
· გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები, რომლებსაც დემონსტრანტები, მეხუთე პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ;
· დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
„რამდენიმე ქალაქია საქართველოში, სადაც სიმდიდრეს, რომელიც კონკრეტულ რეგიონს გააჩნია, მართავს კომპანია, რომელიც ამ ძალაუფლებას იყენებს ბოროტად, შეზრდილია ხელისუფლებასთან და იყენებს ამას რეპრესიებისთვის, როგორც ტყიბულის მაგალითზე ვნახეთ“, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „საქნახშირიდან“ პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.
„ჩვენი, 38 ადამიანის გათავისუფლება მოხდა შახტიდან იმის გამო, რომ გაგვაჩნდა თავისუფალი აზრი, არ ვემორჩილებოდით მათ შეხედულებებს და ასევე გვქონდა სხვადასხვა შეხედულება ამა თუ იმ საქმის მიმართ, რაც ეხებოდა შახტში არსებულ მძიმე მდგომარეობას, სპეცტანსაცმელს და სასადილოს თემას“, – თქვა მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ.
„15 წელია ვმუშაობ „საქნახშირში“ ერთი და იმავე, ვაგონშემკეთებლის პოზიციაზე. ჩემი გამოშვების მიზეზი იყო პოლიტიკური შეხედულება, სხვა აზრი რომ გამაჩნდა და არ დავექვემდებარე მაგათ.. ჩემი მეუღლე ორი წლის წინ გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მასაც თავისუფალი აზრი ჰქონდა. იქიდან მოყოლებული ჩათვალეს, რომ არ უნდა ვყოფილიყავი სამსახურში. ახლა ვითომ გამოცდილება არ მყოფნიდა და გამათავისუფლეს“, – ამბობს კიდევ ერთი დემონსტრანტი.
„ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, სახელმწიფო აღარ არსებობს და ქვეყნის გადასარჩენად იბრძვიან ადამიანები, რომელთა ნაწილი დაჭერილი, ნაწილი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულია სამსახურიდან. ამას დაასრულებს მხოლოდ სოლიდარობა“, – თქვა მსახიობმა კახა კინწურაშვილმა, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა.
ტყიბულში აქციაში მონაწილეობისთვის ჩავიდა რეჟისორი დათა თავაძეც, რომელმაც თქვა:
„ყველაფერი კეთდებოდა, რომ ყოფილიყო ხიდჩატეხილობა სხვადასხვა ჯგუფს შორის, არადა დღეს ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის საერთო პროტესტი, საერთო ბრძოლა. ის, რა ბრძოლაშიც არიან მეშახტეები აქ, არის ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი მომავლისთვის, სადაც შრომითი უფლებები იქნება დაცული“.
„საქნახშირის“ დასაქმებულებმა 24 დეკემბერს თქვეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ათობით მეშახტე, რომელთა უმეტესობა გათავისუფლებულთა სიაში პოლიტიკური პოზიციების გამო მოხვდა.
კომპანია „საქნახშირში“ აცხადებდნენ, რომ რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი სამი თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდებოდა. მათივე განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ თითოეულ თანამშრომელს კომპანიისვე დაფინანსებული 3-4-თვიანი გადამზადება შესთავაზეს.
ფორუმი