ტყიბულის წყალსაცავში გაყიდული კუნძული ხელმეორედ იყიდება

ტყიბულის წყალსაცავში, სოფელ მანიჭორში მდებარე 21 421 კვ მ. ფართობის კუნძული ისევ იყიდება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტს ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად წყალსაცავში მდებარე სამი კუნძული გასული წლის დეკემბერში ჰქონდა გამოტანილი და ისინი ჯამში 3 მლნ ლარად გაყიდა, თუმცა როგორც ვებგვერდზეა მითითებული, ერთ-ერთი მათგანი ხელმეორედ იყიდება.
კუნძული რომლის ფართობი 21 421 კვადრატული მეტრია, მიმდინარე აუქციონზე, ისევე როგორ რამდენიმე თვის წინ, 120 000 ლარად იყიდება. როგორც დეკემბერში ჩატარებული აუქციონიდან ირკვევა ის მაშინ 676 000 ლარად გაიყიდა, თუმცა რა გახდა მისი ხელმეორედ გასხვისების მიზეზი, უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, წყალსაცავში მდებარე კუნძულები დეკემბერში კომპანია შპს ემ & ეს – მა შეისყიდა.
აუქციონი 25 მარტს დასრულდება.
„თავისუფალი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ტყიბულის წყალსაცავზე სოფელ ახალსოფელის მხარეს. გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავიდან რამდენიმე კილომეტრში. ქალაქ ტყიბულიდან 5 კილომეტრში. საუკეთესო ტერიტორიაა ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების მხრივ“, – ნათქვამია მიწის აღწერილობაში.
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4-5 წლის განმავლობაში, მყიდველს ეკისრება:

· ტერიტორიის მოწესრიგება;
· ეკონომიკური საქმიანობით დატვირთვა;
· ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
· ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
მიწის ნაკვეთზე „ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, მყიდველმა უნდა დაასრულოს 4 წლის განმავლობაში და განახორციელოს არანაკლებ 1 მლნ ლარის ინვესტიცია შემდეგი პერიოდულობით:

· ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში – 500.000 ლარი;
· ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში ჯამურად – 1.000.000 ლარი.