ტყიბულის „მეშახტის“ 70% აუქციონზე გამოიტანეს – მყიდველს საფეხბურთო კლუბში 450 ათასი ლარის ინვესტირება ევალება

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია საფეხბურთო კლუბი „მეშახტეს“ 70%-იან წილს ყიდის. შესაბამისი აუქციონი 21 მაისს გამოცხადდა და 3 ივნისამდე გაგრძელდება. საწყისი ფასი 127 740 ლარია.
როგორც აუქციონის პირობებშია ნათქვამი. მყიდველი ვალდებულია ხელი შეწყოს ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას, რაც უნდა გამოიხატოს დამტკიცებული ახალგაზრდული ჯგუფების, გუნდების, /კლუბების მწვრთნელებისა და მომსახურე პერსონალის განვითარებასა და დაფინანსებაში, ასევე ქვეყანაში დამტკიცებული პროგრამებისა და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად გუნდების განახლებასა და შესაბამისი ჩემპიონატისთვის მომზადებაში.
არ შეცვალოს შპს „საფეხბურთო კლუბი ტყიბულის მეშახტეს“ საფირმო სახელწოდება და სპორტული პროფილი „ფეხბურთი“.
ყოველწლიურად უზრუნველყოს შპს „საფეხბურთო კლუბი ტყიბულის მეშახტეს“ საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის პირობების დაკმაყოფილება და შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საჭიროების შემთხვევაში.
უზრუნველყოს ოფიციალური მატჩები, ასევე სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
უზრუნველყოს, საფეხბურთო კლუბის მიერ უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტების შესრულება.
მყიდველი ვალდებულია შპს „საფეხბურთო კლუბი ტყიბულის მეშახტეს“ განვითარების მიზნით 3 წლის მანძილზე, ყოველწლიურად განახორციელოს არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობით ინვესტირება ან უზრუნველყოს თანხის მოზიდვა. ამასთან, წლის მანძილზე განხორციელებული ინვესტიცია უნდა დაიხარჯოს ამავე კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე.(შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის არ იგულისხმება ა(ა)იპ „ფეხბურთის განვითარების ფონდიდან“ სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხები).