საქართველოს პროკურატურამ ტყიბულის მერიის თანამშრომელს, ჯონი ქასრაშვილს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
როგორც უწყება წერს, შემთხვევა 15 იანვარს მოხდა. ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მეუღლეზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა.
“საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვაწევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – წერს პროკურატურა.
ჯონი ქასრაშვილი ტყიბულის მერიაში შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები დაკავებულის სიდედრმა გამოიძახა. ხელბორკილების დადების შემდეგ კი ქასრაშვილს სასწრაფო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა.