ტყეში კემპინგის მოწყობის სანაცვლოდ ქრთამის სახით $900 აიღო – ფასანაურის უბნის ტყის მცველი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფასანაურის უბნის ტყის მცველმა შ.გ.-მ, რომელსაც სამსახურებრივად, საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში სატყეო ტერიტორიის დაცვა ევალება, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ტყეში კემპინგის მოწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 900 დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება”. – წერს საგამოძიებო სამსახური.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.