პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ნატოს ერთ-ერთ ქვეყანაზე კრემლის თავდასხმის შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ თავად გაერთიანებული სამეფოც აღმოჩნდება. მისი თქმით, ის „შოკირებული“ დარჩა ბრიტანული საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მიმართ.
გაზეთ The Times-თან ინტერვიუში ტუსკმა ბრიტანელებს მოუწოდა, დაუბრუნდნენ რეალობას და „ტკბილი ილუზია“ უსაფრთხოებისა, ნატოსა და რუსეთის შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, გადადონ გვერდით. მან ასევე გაიხსენა, რომ კიევში ვიზიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მას უამბო ლონდონში საკუთარი სახლის დაწვის შესახებ, რომელიც შესაძლოა რუსეთის დაზვერვის მიერ ყოფილიყო ორგანიზებული.
ტუსკი ამბობს, რომ მისი გაოცება გამოიწვია ბრიტანეთის რეაქციის არარსებობამ: ფაქტს ისე შეხვდნენ, თითქოს „არსენალსა და ლივერპულს შორის საფეხბურთო მატჩზე“ ლაპარაკობდნენ.
მისივე თქმით, თუ რუსებს მსგავსი აქტის შესრულება შეუძლიათ, შეუძლიათ ყველაფერი.
პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთმა ბელარუსში ან კალინინგრადში განალაგა ახალი ჰიპერბგერითი რაკეტები „ორეშნიკი“, მოსკოვს შეეძლება, ბირთვული დარტყმა მიაყენოს ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქს, მათ შორის ლონდონსაც, რადგან მათი მოქმედების რადიუსი 3200 კმ-ს აღწევს.
ტუსკის შეფასებით, საფრთხე გლობალური და უნივერსალურია, განსაკუთრებით ტექნოლოგიების განვითარების გამო:
უკვე ყველა მასიური კიბერთავდასხმების ქვეშ ვართ. პოლონეთში ისინი მზად არიან დააზიანონ ინფრასტრუქტურა – რკინიგზა, საავადმყოფოები. ეს შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. ამიტომ, მისი თქმით, უზრუნველობაში ცხოვრება არ შეიძლება, თითქოს „თქვენ ძალიან შორს ხართ და ეს თქვენი ომი არ არის, – განაცხადა ტუსკმა.




