ახლა წესით ყველა მანქანა ტურებით უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ მანქანები გაჩერებულია და გიდები სახლში სხედან, – ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული კომპანია Feel Georgia-ს დამფუძნებელმა, ლუკა თურქაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა არ დგამს ქმედით ნაბიჯებს და არ უხსნის ევროპას, რომ ქვეყანაში სტუმრობა უსაფრთხოა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აქციები მიმდინარეობს.
“მე ერთ-ერთ გამოფენაზე ვიყავი ევროპაში და მათ ძალიან უყვართ საქართველო, დიდი მოთხოვნაა საქართველოზე და ჩამოსვლა უნდათ, მაგრამ, იმის გამო, რომ ევროპელ ტურისტებს არ აქვთ ინფორმაცია რამდენად უსაფრთხოა საქართველო, თავს იკავებენ ჩამოსვლისგან. ამ ინფორმაციის ჩვენ მიერ მიწოდება მათთვის, არარელევანტურია და არადამაჯერებელი. სახელმწიფომ უნდა გაატაროს ჭკვიანი პოლიტიკა და უთხრას ევროპის ქვეყნებს, რომ საქართველოში ჩამოსვლა არის უსაფრთხო. თუმცა როგორც ვხედავთ, ამ კუთხით არაფერი არ ხდება, რაც ჩვენნაირ პატარა ტურისტულ კომპანიებზე, სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებზე პირდაპირ აისახება. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ თითქმის ნახევრად ცარიელი ფრენები გვაქვს ევროპიდან და ის ნახევარიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბრუნდებიან“, – ამბობს თურქაძე.
მისივე შეფასებით, ტურიზმის სექტორი სავალალო მდგომარეობაშია და სასტუმროები, რომლებიც მხოლოდ ევროპელ ტურისტებზე მუშაობდნენ, ზოგიერთი მათგანი დაიხურა კიდეც. თურქაძე დასძენს, რომ თავადაც საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელია და ბოლო რამდენიმე დღეა, ტურისტულ ობიექტში სტუმარი არ მიუღია.
„ჩვენ საქართველოში გვყავდა პარტნიორი სასტუმროები, რომლებიც მხოლოდ ევროპულ ბაზრებზე მუშაობდნენ და სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი დაიკეტა. ასეთი მინიმუმ სამი სასტუმრო შემიძლია ჩამოგითვალოთ. მე საოჯახო სასტუმროს მფლობელიც ვარ და სამი დღეა უცხოელი სტუმარი არ მიმიღია – ეს ტრაგედიაა. ახლა წესით ყველა მანქანა ტურებით უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ მანქანები გაჩერებულია და გიდები სახლში სხედან. სავალალო მდგომარეობაშია ტურისტული სექტორი. კარგი მოლოდინები სამწუხაროდ არ მაქვს, უფრო და უფრო უარესისკენ მიდის საქმე“, – განაცხადა ლუკა თურქაძემ.
