ტურისტულ პაკეტებზე ფასები დაახლოებით 30%-ით არის გაძვირებული – Go Tour

ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელი, ნინო წიკლაური, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ბოლო პერიოდში ტურისტულ პაკეტებზე გაზრდილი ფასების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ტურისტული პროდუქტები დაახლოებით 30%-ით გაძვირდა, იმის პარალელურად, რომ მოქალაქეების ხელფასები არ იზრდება.
„ფაქტს ვერ გავექცევით – მოგზაურობა ნამდვილად გაძვირდა, თუმცა ეს მხოლოდ ტურისტულ პროდუქტებს არ ეხება. სამწუხაროა, რომ ფასების მატების პარალელურად, ადამიანების ხელფასები არ იზრდება“, – აღნიშნა წიკლაურმა, თუმცა დასძინა, რომ გაძვირების პარალელურად, კომპანიას ჯავშნები არ შემცირებია.
მისივე ინფორმაციით, მათი სეგმენტი მოგზაურობას ჯერ კიდევ ახერხებს. ასევე, თუ მომხმარებლები წინასწარ ჯავშნიან, შესაძლებელია პაკეტებზე მინიმუმ 30%-ით იაფად მოგზაურობა.
წიკლაური ასევე საუბრობს მიმართულებებზე, რომელთა მიმართაც მოთხოვნა იზრდება. მისი თქმით, საბერძნეთი და თურქეთი კვლავ ლიდერობენ, თუმცა თურქეთის ფასები მნიშვნელოვნად გაძვირდა და საბერძნეთს გაუტოლდა, რის გამოც ბოლო პერიოდში საბერძნეთზე მოთხოვნამ მოიმატა. საგულისხმოა, რომ აქტიურად იზრდება ქართველი მოგზაურების რიცხვი, განსაკუთრებით ასაკოვანი მოქალაქეების. ნინო წიკლაურის ინფორმაციით, ასაკოვანი მოგზაურების მომართვიანობა მათ კომპანიაში 5%-მდე არის გაზრდილი.
“ზაფხულის სეზონზე, განსაკუთრებით მოთხოვნადია ევროპის საზღვაო კურორტებზე მომართვიანობა. პოპულარული მიმართულებებია ესპანეთი, იტალია, ხორვატია, მალტა, ასევე – სიცილია და პორტუგალია”, – თქვა მან.
რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, წიკლაური ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას: „ყოველთვის მაქვს მოლოდინი, რომ პირდაპირ ფრენებში რაიმე გამოსწორდება, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. პანდემიის შემდეგ ვითარება მხოლოდ უარესდება. ყველაზე კომფორტული პაკეტები ისევ თურქეთზე გადის. ქუთაისიდან კი არის შედარებით იაფი ფრენები, მაგრამ “ვიზიარიც” აღარ ითვლება ბიუჯეტურ საფრენ საშუალებად“, – ამბობს ის.