ტურისტულ ზონებში ზამთარში ტექნიკური მარილის გამოყენება აღარ იგეგმება,- ამის შესახებ ორგანიზაცია Mountain Resort Shield • დაიცავი მთის კურორტები დამფუძნებელმა, გეგა სალუქვაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისი განმარტებით, ცვლილების მიზეზი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა- ტექნიკური მარილი რეაქციაში შედის წყალთან, საიდანაც შემდეგ ნიადაგში ხვდება.
,,ძალიან მნიშვნელოვანი თემაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გარკვეული ვალდებულებები გაგვაჩნია ევროკავშირთან დასაახლოებლად. ტექნიკური მარილი ძალიან სერიოზული პრობლემაა ეკოლოგიასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, მთელი რეგულაციების გამო ეს ასეც უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ აზიანებს გზებს, საბურავებს, შემდეგ ერევა წყალს, ნიადაგს და ასე შემდეგ. ამაში ცუდი არაფერია, თუ დავუახლოვდებით ტექნოლოგიებით ევროპულ გამოცდილებას, თუმცა, ჩემს გაკვირვებას ის იწვევს, რომ კარგით, მარილი არა, მაგრამ მაშინ – რა? მაინტერესებს, განსაკუთრებული მძიმე ტექნიკა იქნება, რომელიც ამ პროცესს ჩაანაცვლებს, იქნება თხევადი პრეპარატები, თუ რა იგეგმება, რას აპირებენ. გასაწმენდ და მოუწესრიგებელ 10 მეტრის სიგრძის გზასაც კი ზამთრის კურორტებზე წარმოუდგენელი დაბრკოლებისა და საცობის გამოწვევა შეუძლია”,- აღნიშნა სალუქვაძემ “კომერსანტთან” ინტერვიუში.




