ტურისტულ პაკეტებზე ფასები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 15%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ ტურისტული კომპანია Voyager 365-ის დამფუძნებელმა, გვანცა გოცირიძემ BM.GE-სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შედარებით გვიან – დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო, თუმცა მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ანტალიისა და საბერძნეთის მიმართულებით.
„მოთხოვნა კვლავ მაღალია ტრადიციულად პოპულარულ მიმართულებებზე, როგორიცაა თურქეთი, საბერძნეთი და ევროპის სხვადასხვა ქვეყანა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე იზრდება ინტერესი ახალი და ადრე ნაკლებად პოპულარული მიმართულებების მიმართ, როგორიცაა აზია, ტუნისი და ტაილანდი, ასევე მალდივებიც“, – ამბობს გვანცა გოცირიძე.
მისივე განცხადებით, მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვა, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო დაბალ ფასად შეიძინონ ტურისტული პაკეტები.
„იანვრიდან თუ დაიწყებენ მზადებას, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ზაფხულისთვის დაახლოებით 40%-იანი ფასდაკლება მიიღონ. ამჟამად კი, საერთო ჯამში, ტურისტულ პაკეტებზე დაახლოებით 15%-იანი ზრდა გვაქვს წინა წელთან შედარებით“, – აღნიშნავს Voyager 365-ის დამფუძნებელი.
