ტურისტული კომპანიების „თრიფზის“ და „ჰოთ თრეველ გრუპის“ დამფუძნებელი, თამარ ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ტურისტულ პაკეტებზე ფასები გარკვეულწილად შემცირდა. ამის მიზეზად კი, დარგის წარმომადგენელი კონკრეტული მიმართულებებით დაბალ მოთხოვნას ასახელებს. ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტულ სეზონზე და აქტუალურ ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩავარდნილი ზამთრის სეზონის შემდეგ ტურისტულ პაკეტებზე მოთხოვნა გაზრდილია. წლიურად ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით, ფასების დასტაბილურება შეინიშნება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ წინასწარ ჯავშნებზე ტურისტულმა კომპანიებმა ბორტების გავსება ვერ შეძლეს და საბოლოოდ, ავიაკომპანიებმა შედარებით ადეკვატური ფასების შეთავაზება დაიწყეს“, – განმარტავს ჩხიკვაძე.
მისივე თქმით, მომხმარებლების დიდი ნაწილი მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილებას ბოლო წუთებში იღებს, რაც ფასების დინამიკაზე მოქმედებს. ამ ეტაპზე, მოთხოვნა ანტალიაზე და ზოგადად თურქეთის მიმართულებაზე განსაკუთრებით აქტიურია. პოპულარულია აგრეთვე ევროპის ქვეყნები, ხოლო აზიის მიმართულებით წინასწარი ჯავშნები, როგორც წესი, შემოდგომიდან იწყება.
„სეზონის დასაწყისში ფასები იმდენად მაღალი იყო, მოლოდინი გვქონდა, რომ შუა სეზონისთვის ფასები დაბალანსდებოდა და საბოლოოდ მივიღებდით უფრო ადეკვატურ შეთავაზებებს. დღეს ეს მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა, თუმცა სასტუმროების ღირებულება კვლავ მაღალია“, – აცხადებს ის.
თამარ ჩხიკვაძის განმარტებით, ქართველ მომხმარებლებს შორის ყველაზე მოთხოვნადია საშუალო კატეგორიის სასტუმროები, თუმცა მოგზაურობის მაქსიმალური კომფორტისთვის ხშირად ბიუჯეტსაც აკორექტირებენ.
