ტურისტულად ანაკლიას მეტი მიხედვა უნდა და უნიკალური დასასვენებელი ადგილი იქნება – ჰოტელიერი

ანაკლიაში მდებარე სასტუმროს „თეთრი სახლი ანაკლიაში“ დამფუძნებელი მარინა თოდუა აცხადებს, რომ ანაკლიაში წელსაც ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ არის. როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მცირე დადებითი ცვლილებები არის, მაგრამ არა თვალშისაცემი.
მისივე თქმით, ტურისტული თვალსაზრისით ანაკლიას უნდა მეტი მიხედვა და უნიკალური დასასვენებელი ადგილი იქნება.
„საჭიროა მეტი გასართობი ადგილები, ანაკლია დასასვენებლად კარგი ადგილია, გართობის მხრივ კი მოიკოჭლებს. მეტი კაფე-ბარები და სასტუმროები უნდა იყოს. ანაკლიის ხიდიც ფაქტობრივად განადგურებულია, საჭიროა მისი სასწრაფოდ რეკონსტრუქცია.. განათებები გასაკეთებელია. ჩვენს ქუჩაზე, რომელიც ცენტრალური ქუჩაა, პალმები ადრე ლამაზად განათებული იყო, ბოლო 3-4 წელია კი, აღარ გაუნათებიათ. მოსასვენებელი ადგილები არის, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო. ინფრასტრუქტურულად უნდა მოეწყოს“, – აღნიშნა ჰოტელიერმა.
ამასთან, როგორც მარინა თოდუამ განაცხადა, თუ გვინდა ისეთი მოწყვლადი ქალაქები, როგორიც ანაკლიაა, ტურისტულ ზონად ჩამოყალიბდეს, მეტი ხელშეწყობაა საჭირო.
„იმას რატომ ვერ ვაღწევთ, რომ ტურისტულ სეზონზე, ხელი არ შეეშალოთ თვითდასაქმებულებს. მაგალითად, დილით შუქი არ გვქონდა, შემეშინდა, საკვები მაცივრის გამო გადასაყრელი არ გაგვიხდეს მეთქი. მე ხომ თვითდასაქმებული ვარ, დასაქმებული მყავს კიდევ 10 თანამშრომელი, გარდა ამისა, საკვებ პროდუქტს მეზობელი სოფლებიდან ვიღებ, ანუ იმ ადამიანებსაც ვასაქმებ. ამას რომ ვაკეთებ და ამდენი ხალხი სახელმწიფოს დავუსაქმე, რატომ თავად არ მეხმარება, რომ მე შევძლო ეს ისე, რომ ყველა კმაყოფილი იყოს და ხელი არ შემეშალოს. ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს“, – დასძინა მან.
მარინა თოდუას თქმით, მას იმედი აქვს, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, რაც ვითარებას დადებითად შეცვლის. „იმედის თვალით ვუყურებთ მაინც ამ ამბავს. იგრძნობა, რომ გარკვეული სამუშაო მიდის“, – განაცხადა მან.