ტურისტების სეგმენტის ცვლილება ღვინის ტურიზმს საფრთხეებს უქმნის – საქართველოში ევროპელი ტურისტების ნაკადი, რომლებიც ძირითადად საქართველოში მდებარე მცირე მარნებს სტუმრობდნენ აზიელებმა ჩაანაცვლეს, რომლებმაც ქართული ღვინო არ აინტერესებთ და უფრო მეტიც ღვინოში არც თანხებს ხარჯავენ.
ევროპელმა ტურისტებმა იკლო ოდაშიც. მცირე მარნის წარმომადგენელი ქეთო ნინიძე ამბობს, რომ აზიელი ვიზიტორების ნაწილი კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე ღვინოს საერთოდ არ სვამს, ნაწილი კი ხარჯების დაზოგვას ღვინოზე უარის თქმით ცდილობს.
მცირე მარნებს რომ მეტი სტუმარი და მეტი შემოსავალი ჰქონდეთ, ევროპელი ტურისტი სჭირდებათ,- ამბობს ნინიძე და განმარტავს, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან სტუმრები ღვინოსაც იცნობენ და ხარისხიან პროდუქტში თანხის გადახდასაც არ ერიდებიან.
“ეს არის ხალხი, რომელიც აბსოლუტურად არ არის საერთოდ ღვინით დაინტერესებული, მათგან ზოგიერთს უბრალოდ კულტურული ფაქტორი და რელიგიური უკრძალავს ღვინის მოხმარებას. შესაბამისად თუ ამგვარ ბაზრებზე გაკეთდება სწორება, რა თქმა უნდა, ეს ჩვენზე ძალიან დრამატულად აისახება.
არიან ქვეყნები, ვისაც შესაძლოა რელიგიური ფაქტორი არ ჰქონდეთ, მაგრამ იმდენად დაბალ გადამხდელუნარიანი ტურისტები შემოდიან, რომ უბრალოდ მხოლოდ საკვებზეა აქცენტი და ისიც მხოლოდ ძალიან იაფიან სერვისებზე. ასე რომ, მაღალი სეგმენტის ღვინოზე, ნატურალურ ღვინოზე ორგანული ვენახებიდან, იმაზე, რაზეც, ქართული მცირე მარნების აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს მოთხოვნა ამ ბაზრებიდან არ არის. არადა ადამიანები დაბრუნდნენ სოფლებში, ზოგიერთი მათგანი არ წავიდა სოფლიდან და საკუთარი წინაპრების საქმიანობიდან მნიშვნელოვანი ღირებულება შექმნა, ამ ტიპის ბიზნესებს ეს ტენდენცია, მასობრივი შემოდინება ტურისტების იმ ქვეყნებიდან, სადაც უბრალოდ ღვინო, როგორც ღირებულება არ არსებობს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.”-ამბობს მარანი “ოდას” დამფუძნებელი ქეთო ნინიძე.
