2023 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $3.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ტურიზმის შემოსავალი 29%-ით, ანუ 734 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში საქართველომ 4.8 მილიონი ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 45%-ით მეტია
ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დანახარჯებია, რამაც წელს 767 მილიონი დოლარი შეადგინა. წლიურად ეს თანხა 36%-ით არის გაზრდილი. ამასთანავე, სებ-ის მეთოდოლოგიის მიხედვით, ტურიზმის შემოსავლებში არ გაითვალისწინება იმ პირების დანახარჯები, რომლებიც საქართველოში ვიზიტორების ნაცვლად მიგრანტებს წარმოადგენენ და ქვეყანაში 1 წელზე მეტი ვადით რჩება. რუსეთის მოქალაქეთა შორის ასეთი 42%-ია, შესაბამისად მათი დანახარჯები ტურიზმის სტატისტიკაში არ შედის.
ტურისტული კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერის ქეთი დოჭვირის მოსაზრებით, აღნიშნული ციფრები ეჭვს აჩენს, რადგან ტურიზმის მიმართულებით პოზიტიური შეფასებები არ აქვს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა აღნიშნული მონაცემებიდან გაუგებარია, ვინ არის რეალური ტურისტი და ვინ ემიგრანტი.
„ყველა იმ ადამიანს ვინც ამ სფეროშია დასაქმებული და ვისაც ვესაუბრები, წლევანდელი ტენდენციებით უკმაყოფილოა. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში საქმე საწუწუნოდ არ გვაქვს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით, რომ ვიმსჯელოთ ტურისტების მრავალფეროვნება დავკარგეთ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შემოსავლებზე დადებითად აისახა.
ბათუმის მაგალითზე, რომ გითხრათ სიტუაცია ძალიან რთული იყო, რადგან რუსულენოვანი მოსახლეობა რადიკალურად გაიზარდა და შესაბამისად, ეს ბიზნესებსაც დაეტყო. მათ თავიანთი ბიზნესი აქვთ, რაც პირდაპირი კონკურენციაა ადგილობრივებთან – მათ ჰყავთ მომხმარებელი, რომელიც მზად არის ფული თავის თანამემამულესთან დახარჯოს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოსთან მიმართებით რუსეთიდან ჩამოსულებს გრძელვადიანი გეგმები აქვთ, რაც საფრთხის შემცველია.
კითხვაზე, შესაძლოა, აღნიშნული ბიზნესები კონკურენტებად აღვიქვათ, რამაც შეიძლება ადგილობრივი ბიზნესის ზრდა/განვითარება გამოიწვიოს? – მან უპასუხა, რომ აღნიშნული შემთხვევა ადგილობრივს ვერ განავითარებს.
„მათი ფინანსური უზრუნველყოფა გაცილებით დიდია, ვიდრე რიგითი ქართველის და შესაბამისად ქართველი არაკონკურენტულ გარემოშია. თანაც ფასებმა მოიმატა და ჩვენი შემოსავლები იმას ვეღარ ფარავს, როგორც 3 ან 4 წლის წინ ვფარავდით – დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. რუსებისთვისაც უკვე ძვირია საქართველო, რადგან ამის გამო საკმაოდ ბევრი წავიდა“, – განაცხადა ქეთი დოჭვირმა.
რაც შეეხება, გამოსავალს იგი მიიჩნევს, რომ ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობა აუცილებელია, რადგან ერთი ბაზარი სექტორს ვერ გაზრდის.
„ტურიზმზე ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენა გავლენას ახდენს და მითუმეტეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელიც საკმაოდ დიდი დოზით არის ტურიზმზე დამოკიდებული. ამ ყველაფერმა შეიძლება ძალიან ნეგატიური შედეგები მოიტანოს, ამიტომ რაც უფრო მეტ ქვეყანაზე ვიმუშავებთ აქტიურად, ეკონომიკურად ჩვენთვის მით უფრო კარგი იქნება. ჩვენც გავიზრდებით, როგორც სექტორი, რადგან ის, რა პროგრესსაც ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ, იმის დამსახურებაა რომ ერთი კონკრეტული ქვეყნიდან არ ვიღებთ ტურისტებს და მრავალფეროვანია“, – თქვა მან.
ვიზიტორების დანახარჯები ქვეყნების მიხედვით:
1. რუსეთის ფედერაცია – $767 მლნ, ზრდა წინა წელთან 36%;
2. თურქეთი – $484 მლნ, ზრდა წინა წელთან 105%;
3. ევროკავშირი – $427 მლნ, ზრდა წინა წელთან 64%;
4. ისრაელი – $258 მლნ, ზრდა წინა წელთან 28%;
5. უკრაინა – $147 მლნ, კლება წინა წელთან 27%;
6. სომხეთი – $124 მლნ, ზრდა წინა წელთან 11%;
7. აზერბაიჯანი – $103 მლნ, ზრდა წინა წელთან 43%;
8. ირანი – $99 მლნ, ზრდა წინა წელთან 37%;
9. საუდის არაბეთი – $89 მლნ, კლება წინა წელთან 40%;
10. ბელარუსი – $85 მლნ, კლება წინა წელთან 60%.
სებ-ის განმარტება დათვლის მეთოდოლოგიაზე:
2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში მყოფი ბელორუსის მოქალაქეების 45.1%; რუსეთის მოქალაქეთა 42.5% და უკრაინის მოქალაქეთა 30.1% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.