დღემდე ვართ იმ რეჟიმში, რომ შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ ტურიზმი – როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, მისი და ტურიზმში მოღვაწე ადამიანების ცხოვრება უარესობისკენ 2019 წელს ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ შეიცვალა.
„ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ან ვინც არ უნდა მოვიდეს მომავალში, მინდა ყველას ჰქონდეს განცდა, რომ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადები დაიხარჯოს მიზანმიმართულად.
2019 წლის „გავრილოვის ღამემ“ შეცვალა ჩემი და ტურიზმის სექტორში მოღვაწე ადამიანების ცხოვრება. იმ ღამის მერე რომ დაიწყო ტურიზმის უკუსვლა, დღემდე ვართ იმ რეჟიმში, რომ შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ ტურიზმი. თუ ვინმეს ჰქონია, რომ მოგვწონს ამ რეჟიმში ყოფნა, ძალიან ცდება“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური მოვლენები პირველად სწორედ ტურიზმის სექტორზე აისახება.
„ჩვენ ვართ ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი და რაც ხდება ქვეყანაში, პირველი დარტყმა სწორედ ჩვენზე მოდის – როგორც კი ნეგატიური სტატია ქვეყნდება საქართველოზე, ავტომატურად ხდება ჯავშნების გაუქმება. ტურიზმი არის დამოკიდებული მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, განვითარებაზე. მითუმეტეს, რომ ტურიზმი კვებავს დღეს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში, რადგან ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ნაწილდება თითქმის ყველა ადამიანზე“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
წყარო: bpn.ge