საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებლის თამუნა თანდაშვილის განცხადებით, დღეს ტურიზმის სექტორს ანტიკრიზისული გეგმა სჭირდება – როგორ უნდა იმოქმედოს თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კიდევ გაგრძელდა.
როგორც მან გადაცემა „ბიზნესპარტნიორში” განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ “საქსტატის” ინფორმაციით ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, აღნიშნული მაჩვენებლების ანალიტიკა აუცილებელია. თამუნა თანდაშვილის თქმით, ციფრები მანიპულირებული არ უნდა იყოს.
„ტურიზმის ადმინისტრაციაში საანგარიშო შეხვედრა გაიმართა, თუმცა საჯაროდ არ გამოსულა ის ინფორმაცია, რაც აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდა. ტურიზმის პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, 2024 წლის საანგარიშო წლის წარმოჩენისას, კერძო სექტორის გაღიზიანება და მკვეთრი შეფასებების გაკეთება იმ კრიზისის არ აღიარებამ გამოიწვია, რომელიც 2024 წელს თან სდევდა.
სტატისტიკურ მონაცემებს ლოგიკური ახსნა და ანალიტიკა სჭირდება. შესაბამისად, სამოქმედო გეგმა სწორედ ამ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება. ეს ციფრები არ უნდა იყოს მანიპულირებული.
ტურიზმის კანონმა უნდა დაარეგულიროს სტატისტიკური მონაცემების წყაროები. სწორად უნდა განიმარტოს კანონის მიხედვით რა არის ტურისტული ვიზიტი. ასევე, ვინ არის ტურისტული კომპანია, რა არის ტუროპერატორი. საბაზისო პრობლემები გვაქვს.
ჩვენს გულისწყვეტას ის იწვევს, რომ საქართველოს ბაზარზე შეიძლებოდა გაკეთებულიყო ტურიზმის ისეთი რეფორმა, რომელსაც სხვა ქვეყნები გადაიღებდნენ. ტურიზმში რეგულაციები მოძველდა, ყველაფერი ციფრული გახდა. რამდენად მიყვება საქართველოს ტურიზმი ამ ციფრულ ერაში ადეკვატურ, ახალ სტრატეგიას? მუდმივად გვესმის ერთი და იგივე სტრატეგია, რომ გავდივართ ბაზრებზე, გამოფენებზე, მაგრამ ახალი პროდუქტები, ახალი ატრაქციები არ იქმნება.
როგორც კი შეიქმნა კრიზისი, ჩვენ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ვითხოვეთ, რომელიც არ დაორგანიზდა და წინა კვირამდე შეხვედრა არ მომხდარა. ეს იყო შაბლონური, კრიზისის მიღმა შეხვედრა, სადაც საუბარი იყო ბაზრებზე, აქტივობაზე და ციფრებზე. ახლა ეს აქტუალური არ არის, ახლა სფეროს ანტიკრიზისული გეგმა სჭირდება, რომ პოლიტიკური ვითარება, რომ გაგრძელდეს რას ვაკეთებთ მოკლე და გრძელვადაში”, – აცხადებს თამუნა თანდაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში 35 ორგანიზაცია და ტურიზმში მოქმედი ასოციაციების თითქმის 90%-ია გაერთაინებული.
bp.ge
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/konferentsia_w_h-lcvwnB-300x169.jpeg)