ტურიზმის სექტორის საპროტესტო მარში “ტურიზმის განგაში” გაიმართება

“ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საქართველოს ეკონომიკაში უდიდესი ადგილი უჭირავს. აჭარის რეგიონისთვის, არსებული მასშტაბის და განვითარების გათვალისწინებით, ამ სექტორს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
სხვა ინდუსტრიებთან ერთად, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვამაყობთ იმით, რომ ვართ ჩვენი ქვეყნის არაოფიციალური ელჩები მის საზღვრებს გარეთ და საუკეთესო მასპინძლები უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოში.
ტურიზმის ინდუსტრია დაფუძნებულია ღიაობაზე, ნდობასა და კავშირებზე. მრავალი წელია, ჩვენი სფერო ყველა მარკეტინგული პოზიციონირების დროს, განსაკუთრებულად უსვამს ხაზს საქართველოს უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებმა რეალობასთან სრულიად შეუსაბამო სიცრუედ აქცია. დღეს მთელი ქვეყნის და ჩვენი ინდუსტრიის ევროპული მომავალი დიდი რისკის წინაშეა.
ამ ინდუსტრიის შემადგენელი ყველა რგოლის წარმომადგენელი გაგვაერთიანა ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარების რისკმა, დემოკრატიული პრინციპების უარყოფამ, ქვეყნის ევროპული მომავლის დაკარგვის საშიშროებამ და მწვავე პოლიტიკურმა კრიზისმა, რომლის შედეგებიც უდიდეს ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას და ინდუსტრიაში დასაქმებულ ასი ათასობით ადამიანს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან ჭრილში.
ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და მის იზოლაციას დემოკრატიული სამყაროსგან, მშვიდობიანი მოქალაქეების არაკანონიერ დაკავებას, ძალადობას და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები, დაინიშნოს ახალი და მიეცეს ქვეყანას საშუალება, დაიბრუნოს სტაბილური და ევროინტეგრაციისთვის ხელსაყრელი გარემო.
ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები
(სასტუმროები, ტურისტული კომპანიები, გიდები, კაფეები, ბარები, რესტორნები, Airbnb ჰოსტები, ღამის კლუბები, გასართობი სივრცეები)”, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.