„ბიზნესში მოლოდინები ცალსახად გაუარესებულია“ – ასე უპასუხა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელმა გიგა ფაიქიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის ბიზნესზე გავლენას ეხებოდა.
გიგა ფაიქიძე ამბობს, ნეგატიური შედეგების თვალსაზრისით, ქვეყანაში შექმნილი პროცესები ტურიზმის სექტორზე უკვე აისახა.
„გარკვეული ინტენსივობით, შიდა კვლევებსაც ვატარებთ; გვაქვს კომუნიკაცია მეწარმეებთან და შემიძლია გითხრათ, რომ რაც ცალსახად გამოხატულია, ესაა გაუარესებული მოლოდინები [ბიზნესში]. რთულია ვისაუბროთ, ზოგადად, ბიზნესის მდგომარეობაზე, მაგრამ სექტორებს თუ გამოვყოფთ, სამწუხაროდ, [მიმდინარე პროცესები] პირველ რიგში, ტურიზმის სექტორზე აისახა, რომელიც ყველაზე მეტად მოწყვლადია; სხვა სფეროებზე ჯერ არ ასახულა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოლოდინები დიდ როლს თამაშობს ბიზნესის გადაწყვეტილების პროცესში, შეიძლება, კრიზისმა დანარჩენი სექტორებიც ჩაითრიოს“, – განაცხადა გიგა ფაიქიძემ და ბიზნესში გაუარესებულ მოლოდინებზე საუბრისას ISET-ის ბიზნესის განწყობის ინდექსის მაჩვენებელი მოიშველია.
„ტურიზმის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევაა ტურისტის ნაკლებობაა“, – ამბობს ის SMEDA-ს მაგალითზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 600-მდე მცირე და საშუალო ბიზნესს აერთიანებს.
SMEDA-ს დამფუძნებლის ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები სესხების გადახდის გრაფიკის კორექტირების თხოვნით, ბანკებს უკვე მიმართავენ.
„პოლიტიკური კრიზისი პირდაპირ დაკავშირებულია ვიზიტორების ნაკლებ შემოდინებასთან, რაც მყისიერად აჩენს ნაღდი ფულის დეფიციტს, ეს კი პრობლემებს იწვევს საბანკო ვალდებულებების მომსახურებისას.
რამდენადაც ვიცი, ბანკები პასუხისმგებლობით იქცევიან და მაქსიმალურად ცდილობენ, კლიენტებს ხელი შეუწყონ და სესხის გადახდის ისეთი გრაფიკზე გადაიყვანონ, რომელიც მათზე მორგებული იქნება, რათა ბიზნესმა კრიზისი გადაიაროს…
ტურიზმის სექტორის მთავარი გამოწვევაა ტურისტის ნაკლებობა, რაც ნიშნავს დაგეგმილზე ნაკლებ შემოსავალს, ხოლო იმაზე ნაკლები შემოსავალი, ვიდრე ბიზნესი ელოდა, გულისხმობს იმას, რომ ვეღარ ახერხებენ ვალდებულებების გასტუმრებას, თანამშრომლების შენარჩუნებას, საკუთარი ბიზნესის განვითარებას, ობიექტების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებლი ხარჯების გაწევას და ა.შ.“, – განაცხადა გიგა ფაიქიძემ.
