„ზამთრის სეზონი ძალიან აქტიური იყო არა მხოლოდ აჭარისთვის, არამედ სამთო-სათხილამურო სხვა კურორტებისთვისაც. ვიცით, რომ საქართველომ უმასპინძლა ზამთრის სპორტული სახეობების რამდენიმე ტურნირს. შესაბამისად, საქართველოს მთის კურორტები საკმაოდ პოპულარული იყო, რაც ასევე შეგვიძლია გოდერძიზეც ვთქვათ. იქ ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასტუმროები ეტაპობრივად იხსნება. არის თოვლის არაჩვეულებრივი ხარისხი და სეზონი ხანგრძლივი იქნება“, – ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აჭარის რეგიონის ტურისტული ადგილები ოთხივე სეზონზე პოპულარულია და ტურისტული მიმართულებით რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს, იმ ფონზეც, რომ იუნესკოს მიერ ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული საქართველოს 4 დაცული ტერიტორიიდან 3 აჭარაში მდებარეობს.
„ასევე მნიშვნელოვანია ფრინველებზე დაკვირვების მიმართულება, რაც მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყნისგან გამოგვარჩევს. ბათუმის კორიდორი ამ მხრივ ყველაზე მთავარია, რადგან მილიონზე მეტი მხოლოდ მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს ყოველწლიურად. მსოფლიოში სიდიდით მესამე ადგილზეა.
ჩვენ გვაქვს როგორც ეკოტურიზმის, ასევე ღვინის, სათავგადასავლო, გასტრო, კულტურული, სამთო-სათხილამურო, საზღვაო ტურიზმის უდიდესი პოტენციალი. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ აჭარის რეგიონს დიდი პოპულარიზაცია გავუწიოთ როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებში“, – აღნიშნა თამარ კაიკაციშვილმა.
როგორც მან განმარტა, აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რაც მას ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.
„აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მინიმუმ ერთი მსხვილი ტურისტული პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთია ჩირუხის მთაზე შუახევის მუნიციპალიტეტში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი. ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ისპანის ჭაობზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ამის შემდეგ უფრო კომფორტული იქნება იქ გადაადგილება. ხიხანზე დასრულებულია ასასვლელი ბილიკი და რკინის კონსტრუქციები და ყველას მოვუწოდებ, რომ როგორც კი გამოვა ამინდები, წავიდნენ.
ასევე წელს აჭარაში პირველად გაიმართება მოლაშქრეთა ფესტივალი, რომლის დროსაც მოლაშქრეები მთელი ქვეყნიდან საინტერესო ლოკაციებს მოინახულებენ. რაც შეეხება საზღვაო სეზონს, როგორც თამარ კაიკაციშვილმა განაცხადა, გახსნა ივნისის პირველი 10 დღის განმავლობაში უნდა შედგეს“, – განაცხადა ჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისი თქმით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გასულ წელს აქტიური მარკეტინგული და პიარ კამპანიები ჩატარდა ევროპის ქვეყნებში. წელს კი საქართველოსთვის მთავარი მიზანი საუდის არაბეთისა და დუბაის მოქალაქეების დაინტერესება იქნება.
„აქტიური მარკეტინგული და პიარ კამპანიები გვქონდა ევროპის ქვეყნებში და 3 ახალი სამიზნე ქვეყანა დავამატეთ გასულ წელს. ესენია: ჩეხეთი, ავსტრია და უნგრეთი. ქუთაისის აეროპორტში გვაქვს საშუალება, რომ ამ ქვეყნებიდან გვქონდეს პირდაპირი ფრენები.
რთული მდგომარეობის და ომის მიუხედავად, მიმზიდველ ქვეყნად ვრჩებით ისრაელისთვისაც, საიდანაც კვლავ გვსტუმრობენ დამსვენებლები.
წელს 2 დიდი გამოფენა იქნება დუბაისა და საუდის არაბეთში, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მოვიპოვოთ იქაური ვიზიტორების ინტერესიც. არის საუბარი ამ ქვეყნებიდან პირდაპირი ფრენების დაწყებაზეც და ვფიქრობ, 2024 წელი საქართველოს ტურიზმისთვის სერიოზული წარმატებების წელი იქნება“, – განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.