„ტურიზმის მოსაკრებელი წელსვე რომ ამოქმედებულიყო, ბათუმში 4-6 მლნ ლარის გენერირება მოხდებოდა“ – მამუკა ბერძენიშვილი

„ტურიზმის მოსაკრებელი წელსვე რომ ამოქმედებულიყო, ბათუმში 4-6 მლნ ლარის გენერირება მოხდებოდა“ – მამუკა ბერძენიშვილი
„ტურიზმის პოლიტიკის მთავარი მიმართულება ტურიზმის მართვის დეცენტრალიზაციაა, შესაბამისად, ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყო არის ტურიზმის მოსაკრებელი, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დამატებით ფინანსურ შესაძლებლობებს უჩენს. ეს ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ტურიზმის პოლიტიკის წარმოების საკვანძო საკითხია“, – ამის შესახებ ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა ბერძენიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის მოსაკრებლის პროგრამა ამ ეტაპზე ბათუმში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს და დადგენილია მინიმალური გადასახადი – 1 ლარი.
„ტურიზმის მოსაკრებელი არის მუნიციპალური მოსაკრებელი, რომლის თანხა პირდაპირ შედის ბიუჯეტში. ამ გადასახადს იხდის მხოლოდ ტურისტი და არავითარ შემთხვევაში ადგილობრივი მეწარმე, სასტუმროს ან გესტჰაუსის მფლობელი.
ტურისტი ამ მოსაკრებელს იხდის იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად ის ბათუმში ღამეს ათევს განთავსების კონკრეტულ ობიექტში. პირველ ეტაპზე საუბარია მინიმალურ თანხაზე, ერთ ღამეზე, ერთ ადამიანზე – 1 ლარი“, – აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.
როგორც მან განმარტა, მოსაკრებლის აღების ვალდებულება სასტუმროებს ექნებათ, რომლებიც შესაბამისი ელექტრონული პროგრამით განახორციელებენ თანხების ასახვას შემოსავლების სამსახურის სისტემაში, ხოლო ჯავშნების სხვადასხვა უცხოური საიტების გამოყენებით ბინების ქირაობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მოუწევს მათთან კოორდინაცია.
მისივე თქმით, აღნიშნული მოსაკრებლის თანხა ყოველწლიურად მინიმალური ბიჯით, დაახლოებით 10 თეთრით, გაიზრდება.
„ყოველწლიურად იზრდება ტურისტების და განთავსების ობიექტების რაოდენობა. წელს რომ ყოფილიყო ეს გადასახადი მოქმედი, 4-6 მლნ ლარს დააგენერირებდა ბიუჯეტში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, 5-10 წლის პერიოდში, შესაძლოა ვისაუბროთ 50 მლნ ლარზე.
გენერირებული თანხა ყოველწლიურად ს საჭიროებების მიხედვით დაიხარჯება. ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურა ან დაბალ სეზონზე ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება“, – განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.
როგორც მან განმარტა, ბათუმის სასტუმროების 52% ტურისტული მოსაკრებლის დაწესების საკითხს დადებითად აფასებს, თუმცა უკვე გამოიკვეთა საჭიროება რომ შეიქმნას კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საბჭო, რომელთან კონსულტაციის საფუძველზეც უნდა მოხდეს გენერირებული თანხის განკარგვა.
მისივე თქმით, აღნიშნული მოსაკრებლის დაწესება ტურისტების შემოდინების შემაფერხებელი ფაქტორი არ უნდა გახდეს, რადგან გადასახადის ოდენობა მინიმალურია, ხოლო ის ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლაზე დამატებითი 5 ლარის გადახდის გამო იტყვის უარს, ქვეყანას ისედაც არ სჭირდება.