კომპანია „იმერული ტურიზმის კლუბის“ დირექტორის აზრით, ტურიზმის შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა, უნდა შეჩერდეს. ალექსანდრე პაიკიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კანონპროექტის ის ნაწილი გააკრიტიკა, რომლის თანახმად, ტურისტული მომსახურების სფეროში ახალი რეგულაციები შემოდის და სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ზედამხედველის ფუნქციები ენიჭება.
კერძოდ, ტუროპერატორი და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფა იქონიოს. მაგალითად: ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს გარეთ ტურისტულ მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს, ვალდებული ხდება, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა და ა.შ.
„ჩემი აზრით, მეორე მოსმენისას კანონპროექტის განხილვა უნდა გააჩერონ, პარლამენტიდან გააბრუნონ და თავიდან დაიწყოს მომზადება და განხილვა.
ყველაზე კრიტიკულია ტუროპერატორებისთვის ფინანსური გარანტიების მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეალობას არ შეესაბამება. თან ძალიან ალოგიკური ახსნა აქვთ – ტურისტი იყოს დაზღვეული; მე თუ საბანკო ანგარიშზე მაქვს 30 000 ლარი, ტურისტი თურმე დაზღვეულია და 15 000 ლარი თუ მაქვს, არაა დაზღვეული; თან ამით ვიგონებთ რაღაცას, რაც უკვე არსებობს – ტურიზმს აზღვევს სამოგზაურო დაზღვევა და საერთოდ არ სჭირდება მას, აქვს თუ არა საბანკო ანგარიშზე თანხა. ვფიქრობ, კანონპროექტის ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულია და ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, შეიძლება, ტუროპერატორების ბაზარი სრულ მონოპოლიზაციამდე მიიყვანოს და რამდენიმე წელიწადში ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანია დარჩეს“, – განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ.
„იმერული ტურიზმის კლუბის“ დირექტორის აზრით, საქართველოს ტურიზმს და ზოგადად, ქვეყანას განვითარებისთვის სჭირდება პროფესიონალიზმი. „წერტილი უნდა დაესვას არაპროფესიონალიზმს“, – თქვა ალექსანდრე პაიკიძემ.
ტურიზმის ადმინისტრაცია ტუროპერატორების ზედამხედველი ხდება – კანონპროექტის დეტალები
პარლამენტმა ტურიზმის კანონი პირველი მოსმენით მიიღო – როგორი იქნება რეგულაციები?