ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ელის, რომ 2025 წელი სტუმარმასპინძლობის დარგისთვის რთული იქნება.
როგორც ტურისტულ კომპანია “დისქავერ ჯორჯიაში“ BMG-ის განუცხადეს, გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის იანვარში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის წინასწარი ჯავშნების სიმცირე შეინიშნება.
კომპანიის დამფუძნებლის, ნინო კეკელიძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, დეკემბერში ტურისტული ჯავშნები მასობრივად გაუქმდა, საქართველოს იმიჯთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კი კითხვები კვლავ რჩება. შესაბამისად, კომპანიაში ელიან, რომ დარგისთვის მიმდინარე წელიც რთული იქნება.
„ჯავშნების გაუქმებიდან გამომდინარე, ტურიზმის სექტორისთვის დეკემბერი საკმაოდ რთული იყო. ჯავშნების მასიური გაუქმებები იყო როგორც ზამთრის სეზონისთვის, ასევე გაზაფხულისთვის. შესაბამისად, 2025 წლის იანვარი ასევე ბუნდოვანებით დაიწყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაზე გათვლები ვერ კეთდება. წინა წლებში ჩვენ იანვარში ვაკეთებდით ხოლმე ნაადრევი ჯავშნების რეალიზებას ზაფხულის სეზონისთვის, ახლა კი იგივე სიტუაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მოლოდინი მაქვს, რომ ტურისტული კომპანიებისთვის და მთლიანად ტურისტული ინდუსტრიისთვის 2025 წელიც რთული და კრიზისული იქნება“, – განაცხადა ნინო კეკელიძემ.
ცნობისთვის, Galt&Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით 220 მლნ დოლარამდე შემცირდა.