McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის მაია წერეთლის შეფასებით, ტურიზმის ინდუსტრიაში კადრების კვლავ გამოწვევად რჩება. მისი შეფასებით პრობლემაა როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ ნაწილში.
„ბევრი გამოცდილება დაგროვდა ტრენინგების და გადამზადების სახით, თუმცა როგორც რაოდენობრივად ისე ხარისხობრივად კადრების დონე მოთხოვნას ვერ პასუხობს. გვიჭირს საკმაოდ, ამას ბევრი ბიზნესი დაადასტურებს, გადამზადება მიდის, თუმცა ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელი კვლავ ვიქნებით ამ გამოწვევის წინაშე.
აქცენტი გადავიტანეთ სკოლის ასაკის ბავშვებზე, რომლებსაც ვასაქმებთ, ოღონდ ცხადია შედარებით ნაკლები საათით და დღეებით, რადგან ასაკი არ გვაძლევს ამის საშუალებას,“ – ამბობს წერეთელი “უძრავი ქონების პროსპექტის” ეთერში.
ბათუმში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას მან ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და გადატვირთული ტრანსპორტი გამოყო. როგორც Courtyard by Marriott Batumi-ის მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, აუცილებელია კერძო და საჯარო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობდეს.
„ურთულესი გამოწვევაა ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში როდესაც მუდმივად რაღაც შენდება, გზები იგება, ტრანსპორტი გადატვირთულია, კადრები გვიჭირს. ამიტომ, არის ნიუანსები, რომელსაც სწორი მართვა სჭირდება. ეს ხელს არ უშლის ტურიზმს, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში ქმნის პრობლემას, ამიტომ სეზონის წინ უნდა შევიკრიბოთ. სწორი მართვა უნდა მოხდეს ნაკადების, ტრანსპორტის და იმ სხვა თემების, რომელიც ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს შეუქმნის იმ კომფორტს, რაც ნორმალური დასვენებითვის არის საჭირო,“ – განაცხადა მაია წერეთელმა.
