თბილისში მდებარე სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ს გენერალური მენეჯერის ელენე ოთარაშვილის შეფასებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ტურიზმში გამოცოცხლება შეინიშნება, მაგრამ ჰოტელიერს ეჭვი ეპარება, რომ მაღალი სეზონი წლის პირველი კვარტალის სრულად დაბალანსებას შეძლებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ “Golden Tulip Design Tbilisi-სთვისაც, ისევ როგორც სხვა სასტუმროებისთვის, იანვარ-მარტი განსაკუთრებით მძიმე იყო.
“ფაქტობრივად, თავის გადარჩენის რეჟიმში უწევდა ბიზნესს მოქმედება… ზოგჯერ, ცოტათი უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ტურიზმის ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ სულ ევროპელი სტუმრები გვყავს, რომ სულ 90%-ით ვართ დატვირთულები და ა.შ. ასე არ არის… პირდაპირ ვიტყვი – ტურიზმის ბიზნესის ყველა მოთამაშე ერთ ნავში ვართ და ყველასთან ერთნაირი სიტუაციაა – ჩემს სასტუმროში, ჩემი სასტუმროს მოპირდაპირედ, მარჯვნივაც და მარცხნივაც – თუ ის კარგადაა, მეც კარგად ვარ და პირიქით… ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ თუ რომელიმე სასტუმროს კარგად არ მისდის საქმე, ეს დარგის პრობლემა არ არის. ვფიქრობ, დღეს კერძო სექტორი ყველა არსებულ შესაძლებლობას იყენებს, რომ გაზარდოს დატვირთულობა”, – თქვა ელენე ოთარაშვილმა.
რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, Golden Tulip Design Tbilisi-ს გენერალური მენეჯერი თავისი სასტუმროს მაგალითზე გვიყვება, რომ აპრილ-მაისიდან სასტუმროებში უკეთესი სიტუაციაა, რასაც ხელი შეუწყო სხვადასხვა ღონისძიებებმა, რომელიც ქალაქში გაიმართა.
მისი თქმით, Golden Tulip Design Tbilisi-ს დატვირთულობა ბოლო თვეებში, საშუალოდ, 80%-ია.
„ჩვენ გვინდა ბევრი და ხარისხიანი სტუმარი, სავსე სასტუმრო; რამდენიმე დიდი ღონისძიება, რომელიც თბილისში ჩატარდა, ძალიან დაეხმარა სასტუმროების დატვირთულობის ზრდას – ვგულისხმობ ფარიკაობის საერთაშორისო ჩემპიონატს, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტს, ასევე რამდენიმე დიდ MICE ღონისძიებას. შედეგად, უკეთესი პერიოდი გვაქვს, რაც ასე გვენატრებოდა და გვიყვარს ჰოტელიერებს; ტურისტების რაოდენობის ზრდამ მოგვცა საშუალება, ფასებიც დაგვეკორექტირებინა“, – განაცხადა ელენე ოთარაშვილმა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ქვეყანაში ტურისტების გეოგრაფია შეცვლილია და ევროპელი მოგზაურები დიდწილად აზიის და აღმოსავლეთის ქვეყნების ტურისტებმა ჩაანაცვლეს.