საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის, ნატალია ბახტაძე ენგლენდერის თქმით, ტურიზმის ადმინისტრაცია არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ ტურიზმი მთლიანად პოლიტიკისგან არ განთავისუფლდება, ტურიზმის განვითარებაზე საუბარს აზრი აღარ ექნება.
„წელს, როგორც არასდროს ტურიზმი პოლიტიკის იარაღი გახდა. სანამ ტურიზმი მთლიანად პოლიტიკისგან არ განთავისუფლდება, იქ ვიზიტორს წესიერად ვერ დავითვლით. იმიტომ, რომ ვიცით, რომ ყველა, ვინც ხელისუფლებაში მოდიოდა გველაპარაკებოდა, რომ ამდენი ტურისტი ჩამოვიდა, ამდენი გავაკეთეთ და ა.შ. არავის დამსახურება არ არის ტურიზმის ზრდა. დამსახურება იყო მდგრადად განვითარებული ნელ-ნელა წინ გადადგმული ნაბიჯების. კერძოდ, იქ, სადაც უსაფრთხოება იყო უზრუნველყოფილი, იქ წიგნის ფესტივალი იყო, ბევრი ღონისძიებები, რომელმაც შედეგი გამოიღო. ფეხბურთმაც თავისი საქმე გააკეთა.
ტურიზმის ადმინისტრაციის შემთხვევაში, სანამ პოლიტიკური წნეხისგან არ განთავისუფლდება და ეს აღარ იქნება პოლიტიკური ინსტრუმენტი, იქამდე მე მგონი, რომ აზრი აღარ ექნება განვითარებაზე ლაპარაკს. ეს ძალიან კარგად დავინახეთ კოვიდის პერიოდში, როდესაც ტურიზმის ადმინისტრაციამ მთელი ტურიზმის ხარჯები სასტუმროებში ჩადო. კიბატონო, სასტუმროებს გადარჩენა სჭირდებოდა, თუმცა მე ამას მაშინ ვეწინააღმდეგებოდი“, – ამბობს ნატალია ბახტაძე.
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ წლებია სექტორი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ტურისტული დანიშნულების ადგილებში კერძო სექტორი გადამწყვეტი ხმის მქონე უნდა იყოს და არა კონსულტანტი. თუმცა ბახტაძის ცნობით, ტურიზმის კანონზე მუშაობისას, კერძო სექტორი კონსულტანტის ამპლუაში იყო.
„რამდენი წელია ვლაპარაკობთ საბჭოს შექმნაზე. რამდენი წელია ვსაუბრობთ, რომ სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განახორციელოს მარეგულირებლის ნაწილი. რამდენი წელია ვლაპარაკობთ, რომ ტურისტული დანიშნულების ადგილებში უნდა იყოს კერძო სექტორი გადამწყვეტი ხმის მქონე და არა კონსულტანტი. ახლა ტურიზმის ადმინისტრაციამ რაც გააკეთა, ჩვენ ვიყავით კონსულტანტი“, – განაცხადა ნატალია ბახტაძემ.