საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2025 წლისთვის ტურიზმის სექტორი ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს და ვიზიტორების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 600 ათასით, ანუ 8%-ით გაიზრდება.
ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე ხშირად საქართველოს რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის მხრიდან სტუმრობენ.
ტურიზმის ინდუსტრიასთან შეხვედრაზე, ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, რომ 2025 „ძალიან კარგი ტურისტული წელი“ უნდა იყოს.
განსხვავებული ხედვა აქვთ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს: გიდებს, სასტუმროს მეპარტონეებს, რესტორატორებს…
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ასოციაციის მიერ შეხვედრების მოწყობას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, როცა ტურიზმის სფერო პრობლემას წარმოაჩენს, ხოლო სახელმწიფო მათ მოუსმენს.
„კომერსანტთან“ ბურჯანაძე ამბობს, ასეთი რთული მდგომარეობა ქვეყანაში კოვიდპანდეემის დროს იყო, თუმცა ახლა სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ, რასაც ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილება ჰქვია. მისი აზრით, თვითიზოლაციაში საქართველო არათუ ახალ ქვეყნებს მოიზიდავს, არამედ იმ მოგზაურებსაც დაკარგავს, რომლებიც ქვეყანაში ჩამოსვლით იყვნენ დაინტერესებული.
„საზოგადოების ნაწილი რეალობას აღიქვას, ხოლო ნაწილისთვის- სხვა რეალობაა შექმნილი. ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, სადაც ორ საქართველოში გვიწევს ცხოვრება.
გუშინდელი შეხვედრა საერთოდ რატომ ჩატარდა არ ვიცი. შეხვედრას აზრი მაშინ აქვს, როცა პრობლემებს წარმოაჩენ და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელებ. ან მაშინ, როცა გეგმას წარადგენ, რა გქონდა და რა გინდა, რომ გქონდეს. ახლა ქუჩაში რომ გავიდეთ, ტურისტს ვერ ვნახავთ. ტურიზმის შემოსავალი წინა წელს 4 მილიარდ-ნახევარი იყო, ახლა კი ტურისტს ვერ ხედავ, როგორ შეიძლება თქვა, რომ ყველაფერი კარგად არის?!
როცა რესტორნების დახურვაზე, სამსახურების დაკარგვაზე ვსაუბრობთ, ეს ძალიან გულსატკენია. მეგონა, რომ ეს პერიოდი კოვიდპანდემიის შემდეგ აღარ იქნებოდა. როცა ქვეყანაში მასშტაბური პრობლემებია, ეს უპირველესად ტურიზმზე გადადის. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი მთხოვს, რომ დასაქმებაში დავეხმარო. ადრე ვაცხადებდი ეთერებში, ნომრებს გავცემდი, დღეს კი ასეთ ხალხთან დამალვა მიწევს.
ამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა სწორედ ის არის დანაშაული, რომ რეალობისთვის თვალის გასწორება არ გინდა. საჭიროა, თვითიზოლაციის ფაზიდან გამოვიდეთ და დაუბრუნდე იმ რელსებს, რომლებიც სხვადასხვა მთავრობის დროს გეხმარებოდა.
როგორც ჩვენ, ყველა ტურისტი ამოწმებს წინასწარ იმ ქვეყანას, სადაც უნდა, რომ წავიდეს.
ჩვენ ამ იზოლაციის პირობებში ვერ ვიქნებით მიმზიდველი ქვეყანა მოგზაურებისთვის.
კომუნიკაციის პრობლემა სწორედ პრობლემის არდაფიქსირებაა. ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეხვედრა რომ მოვინდომო, უარს არ მეტყვიან, მაგრამ თუ საქეიფოდ ხომ არ შევხვდები?!
დღეს ტურიზმის დეპარტამენტი ვერაფერს გააკეთებს, როცა სახელმწიფო პოლიტიკა გაქვს არასწორი. ამ შემთხვევაში ტურიზმის დეპარტამენტი უნდა აყალიბებდეს პრობლემას, რომ ინდოელი ტურისტები გამოსავალი არ არის და ვერც პრობლემას მოაგვარებს. არც ჩინეთია ჩვენი გადარჩენის არეალი. ჩვენ მათთვის საერთოდ უცხო ქვეყანა ვართ და სანამ შეგვისწავლიან, იქამდე ათეული წელი გავა. თუ აზიელებმა არ დაინახეს, რომ აქ გერმანელები და ფრანგები ჩამოდიან, მათთვის მიმზიდველი ქვეყანა ვერ გახდები“,- თქვა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ghvinis-skola_w_h-sCCs8A-300x169.jpeg)