შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში იბარებს მოქალაქე ანი ახმეტელს, რომელიც პოლიციის მაიორმა გიგა ბატკუაშვილმა 17 დეკემბრის ვიდეოჩანაწერებში პარლამენტთან ტროტუარზე მდგომი აღმოაჩინა. მას ედავებიან „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“, რაც გამოიხატა ტროტუარზე დგომით.
ახალი კანონით, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციირებულია და სადავო პარლამენტმა 10 დეკემბერს მიიღო, მოქალაქეს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება.
სამართალდარღვევათა ოქმი ანი ახმეტელს 23 დეკემბერს გადასცეს. სხდომა 25 დეკემბერს გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს.
„ეს არის პირველი პრეცენდენტი, ჯერ აქამდე ასეთი ფაქტი არ მომხდარა. არ ვიცი, რა აქვთ ჩაფიქრებული… ბრძოლა გრძელდება. უსუსური ქმედებებით ვერ დაგვაშინებენ და ვერც შეგვაჩერებენ. ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – წერს ანი ახმეტელი ფეისბუკში.
ორი კვირის წინ, 10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
· ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, – წერია ახალ კანონში.
თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.
სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონი, რომელიც „ხალხის სავალ ნაწილზე“ აქციის გამართვაზე რეგულაციას აწესებს, შსს-მ ისე არ უნდა აღასრულოს, რომ დემონსტრაციის გასამართად ნებართვის აღებას დაემსგავსოს.
„სახალხო დამცველისთვის არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი, რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას, მით უფრო, როდესაც უფლებით სარგებლობა, როგორც წესი, ამ ფორმით დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება“, – ეწერა განცხადებაში.
ომბუდსმენი მიუთითებდა კონსტიტუციის 21-ე მუხლზეც, რომელშიც წერია, რომ „ყველას […] აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრაცია არ უნდა შეზღუდოს, თუკი ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი „არ აღწევს სერიოზულობის საკმარისად ხარისხს“.
ფორუმი




