ტროტუარზე დგომისთვის გიორგი წულაიას სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ტროტუარზე დგომისთვის ენმ-ის წევრ გიორგი წულაიას სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება.
გასული წლის 20 დეკემბერს წულაიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და სასამართლოს მიმართა. მას ტროტუარის “ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებიან.

წულაიას დღეს აცნობეს, რომ მის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული საქმე შეწყვიტეს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს.
მოსამართლე დავით მაკარიძის 29 დეკემბრით დათარიღებულ განჩინებაში ნათქვამია, წულაიას მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც გადასცეს -ს.

20 დეკემებრს წულაიას მიმართ ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების განმეორებით ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

გიორგი წულაიას გზის ხელოვნურად გადაკეტვას 2025 წლის ოქტომბერშიც ედავებოდა. მას ადმინისტრაციული პატიმრობის სახით 8-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

მოსამართლე მაკარიძის განჩინებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან წულაიას გასული წლის ოქტომბერში ამავე მუხლით ადმინისტრაციული პატიმრობა მოხდილი აქვს და მას დადგენილება 23 ოქტომბერს ჩაბარდა, მაგრამ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად შესულია კანონიერ ძალაში. აქედან გამომდინარე, მაკარიძე წერს:

“ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გიორგი წულაიას მიმართ 2025 წლის 20 დეკემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, რის გამოც გიორგი წულაიას მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცეს შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტს”.