აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ FIFA-ს თავმჯდომარე ჯანი ინფანტინო, საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით, მიემხრობა 2026 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების აშშ-ის ქალაქებიდან სხვაგან გადატანას.
სექტემბერში ტრამპმა დემოკრატების მმართველობის ქვეშ მყოფი ქალაქების წინააღმდეგ თავისი კამპანიის ფონზე თამაშების გადატანის შესაძლებლობა წამოჭრა, თუმცა მაშინ FIFA-მ განაცხადა, რომ თამაშების ჩატარების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას ფეხბურთის მმართველი ორგანო იღებს.
„თუ ვინმე ცუდად მუშაობს და თუ მე ვგრძნობ, რომ იქ სახიფათო ვითარებაა, დავურეკავდი FIFA-ს ხელმძღვანელს, ჯანის, ფენომენალურ კაცს, და ვეტყოდი, რომ სხვა ადგილას გადავიტანოთ. და ის ამას გააკეთებს“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა თამაშების ბოსტონიდან, ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქიდან გადატანა.
„ის ამას ძალიან ადვილად გააკეთებდა,“- თქვა ტრამპმა.
ტრამპის ეს განაცხადა მას შემდეგ, რაც ის თავის ახლო მეგობარ ინფანტინოს შეხვდა ეგვიპტეში, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამიტზე, სადაც FIFA-ს ხელმძღვანელი ორ ათეულზე მეტ მსოფლიო ლიდერთან ერთად მიიწვიეს.
აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა ასევე წინადადებით, რომ საჭიროების შემთხვევაში, 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებიც შეიძლება გადაიტანონ.
„იგივე შემიძლია ვთქვა ოლიმპიადაზე“, – გამოაცხადა ტრამპმა. „თუ ჩავთვალე, რომ ლოს-ანჯელესი სათანადოდ არ იქნებოდა მომზადებული, თამაშებს სხვაგან გადავიტანდი“.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ტრამპის ადმინისტრაციამ წელს ეროვნული გვარდიის ჯარები განალაგა აშშ-ის ქალაქებში, რომლებსაც დემოკრატები მართავენ, ადგილობრივი და სახელმწიფო ხელმძღვანელობის წინააღმდეგობის მიუხედავად, და განაცხადა, რომ ისინი საჭიროა დანაშაულისა და მემარცხენე აქტივიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ბოსტონი მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდ თამაშს მასპინძლობს. სან-ფრანცისკოსა და სიეტლში ამ ტურნირზე ექვს მატჩი გაიმართება, ხოლო ლოს-ანჯელესში – რვა.
აშშ მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატს მექსიკასთან და კანადასთან ერთად მასპინძლობს, მაგრამ ტურნირის თამაშების უმეტესობას ამერიკის ქალაქებში გაიმართება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ტრამპმა წელს თავი მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ დანიშნა.
ფორუმი