ტრანსცხიმების და გაზიანი სასმელების მარკეტინგისგან ბავშვებს ახალი რეგულაციები დაიცავს

უახლოეს წლებში ქვეყანაში იგეგმება რამდენიმე რეგულაციის ამოქმედება, რომელთა მიზანიც მავნე საკვებისგან ბავშვებისა და მოზრდილების დაცვაა. საუბარია მარილზე, გაზიან და შაქრიან სასმელსა და საკვებზე. ბიზნესკომპანიებს ექნებათ ვალდებულება, პროდუქციის ეტიკეტზე შემადგენლობის შესახებ მარილის, შაქრის და ტრანსცხიმების შემადგენლობა მიუთითონ. ამასთან, გატარდება ღონისძიებები მავნე საკვებისა და სასმელისგან ბავშვების დაცვის მიზნით.
არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, მარილისა და შაქრის შემცველი, (ტკბილი გაზიანი სასმელები) ნებისმიერი სახის მარკეტინგის ბავშვებზე გავლენის შემცირების შესახებ მარეგულირებელი გარემო 2024 წლის ბოლოსთვის უნდა მომზადდეს.
ამასთან, იგეგმება ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისა და შეძენის დასაშვები, მინიმალური ასაკის დადგენა და გაკონტროლება. გეგმის მიხედვით, 2025 წლის IV კვარტლისთვის მომზადდება და პარლამენტს წარედგინება ალკოჰოლის კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები.

რაც შეეხება მარილს, გეგმის მიხედვით, უკვე მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლისთვის, მომზადდება სუფრის მარილის მოხმარების შემცირების ყოვლისმომცველი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისად 2025 წლის მეოთხე კვარტლისთვის კი უნდა მომზადდეს საკვებ პროდუქტებსა და კერძებში სუფრის მარილის ეტაპობრივად კლებადი დონეების დადგენის და მარილზე ეფექტიანი ეტიკეტირების შესახებ საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები.
2026 წლისთვის საკვები პროდუქტების წილი, რომლის ეტიკეტზეც მითითებულია მარილის, შაქრის და ტრანსცხიმების შემადგენლობა, უნდა იყოს 30%; 2030-ში კი – 50%.
ჩამოთვლილი რეგულაციების ამოქმედებამდე დაგეგმილია დიალოგის დაწყება კვების მრეწველობის ბიზნესთან კვების პროდუქტების ეტიკეტირების და არაჯანსაღი საკვებისა და არაალკოჰოლური ტკბილი სასმელების მარკეტინგისგან ბავშვების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე საკვებ პროდუქტებში ინდუსტრიული ტრანსცხიმების ამოღების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. პარალელურად დაიწყება არაჯანსაღი საკვები პროდუქტების (ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები, ჭარბი მარილისა და შაქრის შემცველი, ტკბილი გაზიანი სასმელები) ნებისმიერი სახის მარკეტინგისგან ბავშვების დაცვის ღონისძიებების შემუშავება. შემუშავდება და გადაიხედება სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის კვების ტექნიკური რეგლამენტი ხილისა და ბოსტნეულის მიღების გაზრდის მიზნით.
jandacva.ge