„ტრანსპორტის სააგენტოში გადარიცხავდი 200 ლარს და მოჰქონდათ ნებართვები“ – რა სქემაზე საუბრობენ გადამზიდავები?

სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა ბიზნესსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის კვლავ შეუთანხმებელ საკითხად რჩება. რამდენიმე საპროტესტო აქციის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მცირე გადამზიდავებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა მომავალ კვირას უნდა გაიმართოს. მანამდე კი მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან სახმელეთო გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების პრობლემა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ტვირთბრუნვის გაზრდის ფონზე გამწვავდა. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ნებართვების დეფიციტის შექმნაში მსხვილი კომპანიები მცირე მეწარმეებს ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ისინი წინასწარ იღებენ ნებართვებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის საჭიროება, რაც ასევე ხელს უწყობს იმას, რომ ამ ნებართვებით ვაჭრობა უკვე მეორად ბაზარზე ინაცვლებს.
“საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაცია 2020” ხელმძღვანელი, რომელიც 370-ზე მეტ ინდივიდუალურ მეწარმეს და კომპანიას აერთიანებს, უარყოფს ინფორმაციას არასაჭირო ნებართვების აღების შესახებ. რაც შეეხება შავ ბაზარს, მირიან მახარაძე აცხადებს, რომ ნებართვები ამ ეტაპზე შავ ბაზარზე არ იყიდება, თუმცა მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ შეწყდეს „შავ ბაზარზე“ ნებართვებით ვაჭრობა და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს.