ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის საფასური 370 ლარამდე გაიზრდება. დღეს ეს საფასური 50 ლარია. ცვლილებების კანონპროექტი უკვე პარლამენტშია.
„შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები სააგენტოს სხვა მომსახურებების საფასურის გაზრდასაც ითვალისწინებს და ახალ მომსახურებებსა და საფასურსაც ადგენს.
კანონპროექტის მიხედვით ახლებურად ყალიბდება სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთები. კერძოდ:
- ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის საფასური განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, დღეს არის 50 ლარი ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის გაცემისთვის;
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმებისათვის შესაბამისი აქტის შედგენით საფასური განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.
- იგივე შემოწმების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ, შესაბამისი აქტის შედგენით – საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130 ლარისა;
- სააგენტოს მიერ ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის/აღრიცხვის მოწმობის შევსება და მონაცემების გადაგზავნის საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130 ლარისა.
კანონპროექტით დგინდება ახალი მომსახურებები და საფასურის ოდენობა, კერძოდ:
- ტრანზიტული ნომრის გაცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე – 150 ლარი.
- ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა – 20 ლარი.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოში ავტოპარკი წელიწადში საშუალოდ 50-70 ათასი სატრანსპორტო საშუალებით იზრდება, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სააგენტოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმების მოთხოვნა.
საგულისხმოა, რომ 2023 წელს განხორციელდა 100 027 ერთეული რეექსპორტი და 16 182 ერთეული ექსპორტი.
2024 წელს რეექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა და შეადგინა 101 449-ს, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 12 517 ერთეული შეადგინა.
2025 წლის არსებული მონაცემებით, ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და 12 825-ს წარმოადგენს, ხოლო მიმდინარე წელს 99 136 ერთეული რეექსპორტია განხორციელებული.
„აღნიშნული სტატისტიკის ფონზე, საქართველოში ფიქსირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის არაერთი შემთხვევა, რაც არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესს.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისა და საქართველოში ავტოპარკის ზრდის ფონზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დატვირთვის გაზრდის პარალელურად, აუცილებელია სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურების კორექტირება“ – წერია განმარტებით ბარათში.




