„ტრამპს ხანგრძლივ პარტნიორებთან ურთიერთობების შენარჩუნება ნაკლებად აინტერესებს, ის დიპლომატიას ტრანზაქციურად უყურებს, შესაბამისად, ბუნდოვანია, მოხვდება თუ არა საქართველო პრიორიტეტების სიაში“
ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია. ქართველი ეკონომისტები ღიად აცხადებენ, რომ ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში, მდგომარეობა გაუარესებულია და მისი აღდგენის ალბათობა ჯერჯერობით მცირეა. ახლა მთელი ყურადღება აშშ-კენ არის მიმართული, სადაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა. საქართველოსთვის ეს პროცესები საყურადღეობა იმ მხრივ, როგორ შეიცვლება მისი პრეზიდენტობის პერიოდში გლობალური ეკონომიკური პოლიტიკა და როგორ აისახება საქართველოზე.
გასაკვირი არავისთვის იქნება იმის მოსმენა, რომ საქართველო ვერ იქნება რეალური მოთამაშე და ვერ განსაზღვრავს თამაშის წესს, თუმცა როგორმე უნდა შეძლოს ყურადღების მიპყრობა და გლობალური ეკონომიკის ნაწილად ქცევა, რისთვისაც მხოლოდ ,,შუა დერეფენი” საკმარისი არ არის. მთავრობას ბევრად მეტი ძალისხმევით მოუწევს ბრძოლა საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად, ვიდრე აქამდე ახერხებდა.
აშკარაა, რომ ტრამპის საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკა წინამორბედისგან აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. ,,ბიზნეს-რეზონანსი” სპეციალისტებთან ერთად შეეცადა გარკვევას, რა შეიძლება მოიმოქმედოს საქართველომ, რომ ამ მასშტაბური ეკონომიკის მნიშვნელოვანი რგოლი გახდეს. რამდენად გამოიყენებს არსებულ შესაძლებლობებს და მოექცევა თუ არა ტრამპის ინტერესების არეალში, მით უმეტეს, როცა ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება და შუა დერეფანში ჩვენი ქვეყნის ფუნქცია აშკარად გამოკვეთილია.
საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია ფიქრობს, რომ აშშ-თან ურთიერთობაში საქართველოს პროგრესი ნაკლებად აქვს, ურთიერთობა ახლა საგრძნობლად გააუარესებულია და მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა ჯერჯერობიოთ არ ჩანს.
,,ტრამპს ხანგრძლივ პარტნიორებთან ურთიერთობების შენარჩუნება ნაკლებად აინტერესებს, ის დიპლომატიას ტრანზაქციურად უყურებს, შესაბამისად, ბუნდოვანია, მოხვდება თუ არა საქართველო ამ ადმინისტრაციის პრიორიტეტების სიაში. სამწუხაროდ, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა იმდენად შორს წავიდა არასწორი მიმართულებით, რომ შეუძლებელია რაიმე ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ან ეკონომიკურ სფეროში პრიორიტეტებზე საუბარი, სანამ უმთავრესი საკითხები არ გაირკვევა.
საქართველო აღარ არის აშშ-ის პრიორიტეტებში ბოლო პერიოდში ურთიერთობების გაუარესების გამო. ამიტომაც, უპირველისი პრიორიტეტი ამ ურთიერთობების აღდგენა უნდა იყოს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებასა და პრიორიტეტებზე მსჯელობა გამართლებული.
სამწუხაროდ, დღევანდელი გადმოსახედიდან, უახლოეს პერიოდში ამ ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდია. დღევანდელი რეალობა ეს არის, თუმცა, ძალიან მყიფე პერიოდში გვიწევს ცხოვრება და შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს.
რაც შეეხება შუა დერეფანს, განსხვავებით ნავთობ და გაზსადენების პროექტებისა, ეს აშშ-თვის უმნიშვნელოვანეს პროექტთა ნუსხაში არ არის. იგი უფრო აზიისა და ევროპის ქვეყნებისთვის არის მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა თემურ ბასილიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.
ვრცლად: www.resonancedaily.com