ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ რუსეთი და უკრაინა გარიგებას ამ კვირაში მიაღწევენ. ამის შესახებ ტრამპმა გვიან ღამით დაწერა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
დონალდ ტრამპის თანახმად, შეთანხმების შემდეგ ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდ ბიზნესს შეერთებულ შტატებთან და გამდიდრდებიან.
პრეზიდენტი ტრამპი არ აკონკრეტებს, რას ეფუძნება მისი იმედი.
18 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „კულმინაციას უახლოვდება” და „თუ რაიმე მიზეზით ერთ-ერთი მხარე ძალიან გაართულებს”, აშშ განზე გადგება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 აპრილის საღამოდან გამოაცხადა „სააღდგომო ზავი”, რომლის მოქმედების ვადა 21 აპრილის დადგომისთანავე ამოიწურა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები მართლაც შეწყდება, ვადის ამოწურვის შემდეგ ზავის გაგრძელებას სთავაზობენ.
გასულ ღამით პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა „სააღდგომო ზავი” 2935-ჯერ დაარღვია. ზელენსკის თანახმად, ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან იყო 96 შტურმი, უკრაინელი სამხედროების პოზიციები 1882-ჯერ დაიცხრილა და დაახლოებით 950-ჯერ გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები.
რუსეთმა ცეცხლის დროებით შეყვეტის რეჟიმის დარღვევაში უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 20 აპრილს ირწმუნებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები 444-ჯერ დაცხრილეს და დრონებით 900 დარტყმა განახორციელეს.
მხარეთა მიერ გავრცელებული მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.
ფორუმი
