ტრამპმა Netflix-ის, Victoria's Secret-ის, Intel-ის და სხვა კომპანიების ობლიგაციებში 82 მლნ დოლარი ჩადო – Reuters
ბოლო 3 თვეში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა 82 მილიონიდან 337 მლნ დოლარამდე ღირებულების კორპორატიული და მუნიციპალური ობლიგაციები შეიძინა. მათ შორის არის ახალი ინვესტიციები იმ სექტორებში, რომლებიც მისი პოლიტიკით მოგებას იღებენ.
ინფორმაციას Reuters ტრამპის მიერ მთავრობის ეთიკის ოფისისთვის წარდგენილ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ტრამპმა 28 აგვისტოდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 175-ზე მეტი ფინანსური შესყიდვა განახორციელა. თუმცა 1978 წლის გამჭვირვალობის კანონის, „მმართველობაში ეთიკის აქტის“ შესაბამისად გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, თითოეული შესყიდვის ზუსტი თანხა არ არის მითითებული და მხოლოდ თითოეულის სავარაუდო ღირებულება არის ნაჩვენები.
ტრამპის მიერ შეძენილი კორპორატიული ობლიგაციები მოიცავს ჩიპების მწარმოებლების აქციებს, როგორიც არის Broadcom და Qualcomm; ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიც Meta Platforms-ია; საცალო ვაჭრობის კომპანიებს, როგორიც არის Home Depot და CVS Health; ასევე, Wall Street-ის ბანკებს, Goldman Sachs-სა და Morgan Stanley-ს.
აგვისტოს ბოლოს საინვესტიციო ბანკების ობლიგაციების შესყიდვებს შორის JP Morgan-ის ობლიგაციებიც იყო. სიაში, ასევე, Netflix-ის, Victoria's Secret-ის, ნავთობმწარმოებელი Occidental Petroleum-ისა და სხვა კომპანიების აქციები შედის. ტრამპმა, ასევე, Intel-ის ობლიგაციები მას შემდეგ შეიძინა, რაც აშშ-ის მთავრობამ, მისი მითითებით, კომპანიაში წილი შეისყიდა და ახალი ობლიგაციები გახსნა.




