აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) კვირა საღამომდე მისცა ვადა, რათა მიღოს მისი წინადადება, რომელიც ღაზას სექტორში აშშ-ის მოკავშირე ისრაელთან თითქმის ორწლიანი ომის დასრულებას ითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ჯოჯოხეთი“ დაიწყება, წერს ტრამპი.
„ჰამასთან შეთანხმება კვირა საღამოს, ვაშინგტონის დროით 18 საათამდე უნდა იყოს მიღწეული“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში 3 ოქტომბერს. – „ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი! თუ ეს ბოლო შანსის შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, ჰამასის წინააღმდეგ ჯოჯოხეთი აფეთქდება, როგორიც აქამდე არავის უნახავს.“
გეგმა ითვალისწინებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, ჰამასის მიერ დაკავებული ყველა მძევლის, ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ გათავისუფლებას, ისრაელის ეტაპობრივ გასვლას ღაზიდან, ჰამასის განიარაღებას და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით გარდამავალი მთავრობის შექმნას.
ტრამპი წერს, რომ ეს შეთანხმება ასევე “იხსნის ჰამასის ყველა დარჩენილი მებრძოლის სიცოცხლეს!”
ტრამპმა თავისი გეგმა წარუდგინა ეგვიპტის, ინდონეზიის, იორდანიის, საუდის არაბეთის, თურქეთის, პაკისტანის, კატარის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს გასულ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
შუამავლებმა, კატარმა და ეგვიპტემ, ორშაბათს გვიან ღამით ჰამასს 20-პუნქტიანი გეგმა გააცნეს მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში ტრამპთან ერთად გამოჩნდა, მხარი დაუჭირა დოკუმენტს და განაცხადა, რომ ის აკმაყოფილებდა ისრაელის საომარ მიზნებს.
ჰამასის წარმომადგენელმა Reuters-ის კითხვაზე, შეიმუშავა თუ არა მისმა ჯგუფმა პასუხი ტრამპისეულ გეგმაზე, განაცხადა: „ჯერ არა, ინტენსიური განხილვა მიმდინარეობს“. ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჰამასმა მოლაპარაკებები გამართა არაბ შუამავლებთან, თურქეთთან და პალესტინურ ფრაქციებთან „პალესტინელების პასუხის“ ჩამოსაყალიბებლად.
30 სექტემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასს სამ-ოთხ დღეს მისცემს გეგმის მისაღებად. პარასკევს მან ჰამასი „ახლო აღმოსავლეთში დაუნდობელ და ძალადობრივ საფრთხედ“ შეაფასა.
გაერომ არაერთხელ განაცხადა, რომ ღაზაში არსად არის ყოფნა უსაფრთხო. ისრაელმა 2 ოქტომბერს ქალაქ ღაზის მთავარი გზა გადაკეტა
და მის მილიონობით მაცხოვრებელს სამხრეთისკენ წასვლისკენ მოუწოდა – გააფრთხილა, რომ ეს მათი ბოლო შანსი იყო მასშტაბური შეტევისგან თავის ასარიდებლად.
ტრამპის გეგმა „შესაძლებლობების ფანჯარაა“, თქვა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების უწყების ხელმძღვანელი ტომ ფლეტჩერმა:
„პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა ღაზაზე შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ის პალესტინელებს სთავაზობს როგორც შანსს, მიიღონ სიცოცხლის გადასარჩენად დახმარება სასწრაფოდ და საჭირო მოცულობით, ასევე დააბრუნონ მძევლები სახლში“, – განაცხადა ფლეტჩერმა 3 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელმა ღაზაში საომარი მოქმედება 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მეთაურობით ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რომლის დროსაც ისრაელის მონაცემებით, დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს.
ღაზის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, რომელსაც გაერო აღიარებს, ისრაელის საომარ მოქმედებებს ღაზაში 66 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.