ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებით 50%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დღეიდან, 9 აპრილიდან ამოქმედდა.
ტრამპმა 7 აპრილს განაცხადა, რომ თუ ჩინეთი, რომელსაც 2 აპრილს 34%-იანი ტარიფი დაუწესა, საპასუხო ზომაზე უარს არ იტყოდა, კიდევ 50%-ით დაბეგრავდა. ჩინეთმა კონტრზომაზე უარი არ თქვა და აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციასაც 34%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა.
დამატებით 50%-იანი ტარიფით ტრამპის მუქარის შემდეგ, 8 აპრილს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ აპირებენ შეეგუონ შეერთებული შტატების მხრიდან მზარდ ზეწოლას და შანტაჟს და წინააღმდეგობას ბოლომდე გაუწევენ.
პეკინის თანახმად, ჩინეთის ხელისუფლება კონტრზომებს მიმართავს თავისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად და საერთაშორისო ვაჭრობაში წესრიგის შესანარჩუნებლად.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს 2025 წლის თებერვალში დაუწესა 10%-იანი ტარიფი, რომელიც მარტში 20%-მდე გაზარდა.
ჩინეთმა საპასუხო ტარიფები აამოქმედა.
2 აპრილს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს ახალ ტარიფებს უწესებს, მათ შორის ჩინეთს დამატებით 34%-იან გადასახადს.
დღეიდან, 9 აპრილიდან 50%-იანი ტარიფის დამატება ნიშნავს, რომ ჩინეთიდან იმპორტზე გადასახადი 104%-ს შეადგენს.
ფორუმი
