აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის გამო წინამორბედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც დააკისრა.
უკრაინაში ომის თემაზე ტრამპმა 14 აპრილს ორჯერ გააკეთა საჯარო განცხადება. ჯერ თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პასუხისმგებლები ბაიდენი და ზელენსკი არიან, შემდეგ კი თეთრ სახლში განაცხადა, რომ პუტინიც დამნაშავეა.
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, სალვადორის პრეზიდენტთან შეხვედრისას, რომლის ნაწილი მედიისთვის ღია იყო, ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენს და ზელენსკის შეეძლოთ შეჩერება(ომის), ხოლო პუტინს არასდროს არ უნდა დაეწყო, ამიტომ სამივე დამნაშავეა.
ტრამპმა ეჭვი შეიტანა ბაიდენის და ზელენსკის კომპეტენტურობაში და განაცხადა, რომ ის „ბაიდენის ომის“ შეჩერებას ცდილობს.
ამასთან, ომის დაწყების კონტექსტში ტრამპმა ზელენსკიც ახსენა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტის წინადადებაზე, აშშ-ისგან შეიძინონ სარაკეტო კომპლექსები Patriot-ი.
ტრამპის განცხადებით, როცა ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ ომის მოგება შეგიძლია, ომს არ უნდა იწყებდე მასთან, ვინც შენზე ოცჯერ დიდია და შემდეგ იმის იმედი გქონდეს, რომ რამდენიმე რაკეტას მოგცემენ.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინას, რომელიც თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიები მიღება.
ფორუმი
