ტრამპმა საიდუმლოდ ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა გასცა – NYT

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიდუმლოდ პენტაგონის მისამართით ხელი მოაწერა განკარგულებას, რათა დაიწყოს სამხედრო ძალის გამოყენება იმ ლათინურ ამერიკული ნარკოკარტელების წინააღმდეგ, რომლებიც მისმა ადმინისტრაციამ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. NYT-ის ცნობით, ტრამპის ბრძანება ოფიციალურ საფუძველს აყალიბებს ზღვასა და უცხოურ მიწაზე კარტელების წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობისთვის.
გამოცემის წყაროების მიხედვით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დაიწყეს შესაძლო ვარიანტების განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაერთვება აღნიშნული ჯგუფების წინააღმდეგ აშშ-ს არმია.
მანამდე, იანვარში პრეზიდენტის თანამდებობის ხელმეორედ დაკავების შემდეგ, ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ნარკოკარტელების უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება დაავალა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თებერვალშივე Tren de Aragua, Mala Salvatrucha (იგივე MS-13) და კიდევ სხვა რამდენიმე დაჯგუფება უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაციები ეროვნული უსაფრთხოების დონის საფრთხეს წარმოადგენდნენ იმაზე მეტად, ვიდრე ეს ტრადიციულ ორგანიზებულ დანაშაულს ახასიათებს.
“კარტელების ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადება აშშ-ს საშუალებას აძლევს, “გამოიყენოს ამერიკის ძალის, სადაზვერვო სააგენტოების, თავდაცვის დეპარტამენტისა და სხვა სახის ელემენტები, რათა ეს ჯგუფები მიზანში ამოიღოს, თუკი ამის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს,” განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 აგვისტოს EWTN-თან ინტერვიუში.
“ჩვენ მათ უნდა მოვექცეთ, როგორც შეიარაღებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს და არა როგორც უბრალოდ ნარკომოვაჭრე ორგანიზაციებს,” დაამატა რუბიომ.
tabula.ge