აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთის სამხედრო ოპერაციას პაკისტანის წინააღმდეგ „სამარცხვინო“ უწოდა, თქვა, რომ ამის შესახებ სამშაბათს საღამოს ოვალურ კაბინეტში დაგეგმილი ღონისძიების წინ შეიტყო, მან იმედი გამოთქვა, რომ “ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება”.
„სამარცხვინოა. ჩვენ ამის შესახებ ახლახან შევიტყვეთ, როცა ოვალური კაბინეტის კარში შევდიოდით, ვფიქრობ, ხალხმა იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი დიდი ხანია იბრძვიან, იცით, რომ ისინი მრავალი ათწლეულის და საუკუნის განმავლობაში იბრძვიან“, -თქვა ტრამპმა თავისი სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ფიცის დადების ცერემონიის დასწრების შემდეგ.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ X-ზე დაწერა. რომ ყურადღებით აკვირდება პროცესს და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით, მხარეებთან თანამშრომლობას განაგრძობს.
7 მაისს ღამით, ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო სახელწოდებით “სინდორი”.
ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ქაშმირის პუნჩის რაიონის მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ პუნჩის საზღვრისპირა რეგიონში სროლის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 32 დაშავდა.
პუნჩი ინდოეთსა და პაკისტანს შორის ფაქტობრივ საზღვარზე მდებარეობს.
აზჰარ მაჯიდის თქმით, „ამ დროისთვის სროლა შეწყდა. ჩვენ ადგილზე ვართ და სიტუაციას ვაფასებთ“.
მანამდე ინდოეთის არმიის წარმომადგენელმა რეგიონში სამი ადამიანის დაღუპვა დაადასტურა.
პაკისტანის არმიის მეთაურის განცხადებით კი ინდოეთის თავდასხმის შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 46 დაშავდა – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 22 აპრილს ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ინდოელ ტურისტებზე. პასუხისმგებლობა იკისრა ისლამისტურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ. ინდოეთის ხელისუფლებამ ეს თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ითქვა, რომ თავდამსხმელთა შორის ორ ადამიანს პაკისტანის მოქალაქეობა აქვს.
ფორუმი
