აშშ-ს ხელისუფლებამ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქარის ოფშორული ელექტროსადგურის მშენებლობა შეაჩერა, რომელსაც ნიუ-იორკში ელექტროენერგიით 500 000-ზე მეტი სახლი უნდა მოემარაგებინა. პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა განახლებადი ენერგიის სექტორისა და პროფკავშირების მხრიდან ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.
აშშ-ს შინაგან საქმეთა მდივანმა, დუგ ბერგამმა საზღვაო ენერგიის მართვის ფედერალურ სააგენტოს (BOEM) მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს პროექტი Empire Wind-ი, რომელიც „გადახედვას საჭიროებს“. ბერგამის თქმით, ამ პროექტის განხორციელება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ზედმეტად დაჩქარდა.
პროექტს, რომელსაც ნორვეგიული ენერგეტიკული კომპანია Equinor ახორციელებს, სრული ფედერალური მხარდაჭერა გააჩნდა. მისი ხორცშესხმა უკვე დაწყებულია, გაშვების თარიღად კი 2026 წელია დასახელებული. კომპანიამ საიჯარო ხელშეკრულება 2017 წლის მარტში, დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში გააფორმა.
ნორვეგიულმა კომპანიამ ენერგიის მართვის ფედერალურ სააგენტოსგან შეტყობინების მიღება დაადასტურა და განაცხადა, რომ წამოჭრილი საკითხების გასარკვევად, ამერიკის ხელისუფლებასთან იმუშავებს. თუმცა, არ ისურვა კომენტარის გაკეთება პროექტის მომავალზე, რომელიც ნიუ-იორკში, ლონგ აილენდის სამხრეთ-აღმოსავლეთით ხორციელდება.
კომპანიას აშშ-ში 60 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია აქვს ჩადებული, რომელიც მოიცავს როგორც ნავთობისა და გაზის პროექტებს, ასევე განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობას.
დონალდ ტრამპმა, რომელიც განახლებადი ენერგიის მიმართ თავისი მკაცრი პოზიციით არის ცნობილი, ქარის ოფშორული ელექტროსადგურების მოქმედი ლიცენზიები და ახალი ნებართვების გაცემა პრეზიდენტობის პირველივე დღეს შეაჩერა. სულ რაღაც ერთი თვის წინ, მისმა მთავრობამ ასევე გააუქმა ჰაერის გაწმენდის ნებართვა „ატლანტიკ შორზის“ საზღვაო პროექტისთვის ნიუ-ჯერსიში.
სუფთა ენერგიის ინდუსტრიის ასოციაცია American Clean Power-მა, გადაწყვეტილებას „ენერგოეფექტურობის საწინააღმდეგო“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყველა ენერგეტიკული ინვესტიციის „გაყინვის შესახებ გზავნილის“ შემცველია.
თავის მხრივ, პროფკავშირების ალიანსმა Climate Jobs New York-მა განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები აზიანებს მუშებს, რომლებისთვისაც ამის გარეშეც უკვე პრობლემად არის ქცეული ცხოვრების გაძვირება. ამასთან, პროფკავშირების ალიანსი მიიჩნევს, რომ ქარის ოფშორული ენერგია აშშ-ს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია.
„წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილებისა და ენერგეტიკული პროექტების ლიკვიდაცია ადამიანებს ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავებაში, ხოლო ელექტროქსელს სტატილურობაში დაეხმარება“, – ნათქვამია Climate Jobs New York-ის განცხადებაში.
ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურად უწყობდა ხელს ქარის ოფშორული ენერგიის გამომუშავებას, რადგან კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში გამოსავალს სწორედ ამაში ხედავდა. ამიტომ, მან ამ პროფილის მრავალი პროექტი დაამტკიცა და ეროვნული მიზნები დასახა. ერთი წლის წინ, ნიუ-იორკში, მონტოუკ პოინტის აღმოსავლეთით, ექსპლუატაციაში შევიდა ქარის 12 ტურბინის მქონე ქარის ოფშორული კომერციული ელექტროსადგური South Fork Wind-ი.
ამის ნაცვლად, ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს „მწვანე“ დღის წესრიგის გადახედვას, ერთი მხრივ, ქარის ოფშორული ენერგიის გამოყენების ყველა არსებული ან მომავალი პროექტის გაუქმებით და, მეორე მხრივ, ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოპოვების გაზრდის გზით.
წყარო: 1არხი
