აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 თებერვალს გამოაცხადა შეხვედრის შესახებ, რომელიც გაიმართება 14 თებერვალს მიუნხენში მოსკოვის, კიევის და ვაშინგტონის „მაღალი რანგის“ წარმომადგენლებს შორის.
“ისინი ხვალ გამართავენ შეხვედრას მიუნხენში, რუსეთი იქ იქნება ჩვენს ხალხთან ერთად, უკრაინაც მიწვეულია. არ ვიცი ზუსტად, ვინ ჩადის თითოეული ქვეყნიდან, მაგრამ მაღალი რანგის პირები რუსეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან [იქნებიან], „ – განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა მანამდე განაცხადა, რომ რუსებთან მოლაპარაკება არ არის დაგეგმილი მიუნხენში. უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მისი ქვეყანა არ აღიარებს შეთანხმებებს, რომლებიც კიევის გარეშე იქნება მიღწეული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ტამი ბრიუსიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 13 თებერვალს ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრიი სიბიჰას. მათ განიხილეს “თამამი დიპლომატიის” აუცილებლობა, რათა დასრულდეს ომი მოლაპარაკების გზით, რაც მიგვიყვანს მდგრად მშვიდობამდე. რუბიომ ხაზი გაუსვა აშშ-ის ერთგულებას უკრაინის დამოუკიდებლობისა და უკრაინისა და რეგიონის სტაბილურობისადმი.
13 თებერვალს ტრამპის მიმართ გაფრთხილება გამოთქვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომ არ უნდა მოხდეს რუსეთთან ევროკავშირის ქვეყნების გარეშე შეთანხმება.
რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში, რომ უკრაინა „ამგვარად თუ იმგვარად“ მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ მოლაპარაკებაში. მაგრამ პესკოვის თანახმად, იქნება ასევე დიალოგის რუსულ-ამერიკული ნაწილი. მოლაპარაკების მომზადება შეიძლება თვეები გაგრძელდეს, თქვა მან. აშშ-ის ახალი მთავრობის პოზიციას მან შთამბეჭდავი უწოდა.
ფორუმი
