აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისკენ გზაზე გამარჯვება მოიპოვა 2 მარტს ე.წ. კოკუსზე, პარტიის მომხრეთა და წევრთა შეკრებაზე მისურის შტატში, ხოლო მიჩიგანში, პარტიის ყრილობაზე მიიმხრო ყველა – 39 დელეგატი.
ნიკი ჰეილი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში, რომელიც ტრამპის ბოლო მთავარი მეტოქეა, კვლავ შეეცადა წინასწარ არჩევნებში გამარჯვებას.
რესპუბლიკელების შემდეგი ღონისძიება დაგეგმილია 3 მარტისთვის ვაშინგტონში – კოლუმბიის ოლქში. ორი დღის შემდეგ კი დადგება „სუპერსამშაბათი”, როცა 16 შტატში ჩატარდება პრაიმერიზები და ეს იქნება ნოემბრის არჩევნებს ფარგლებს გარეთ ყველაზე გრძელი საარჩევნო დღე.
წინასწარი არჩევნები, ე.წ პრაიმერი ტრამპმა მიჩიგანში, 24 თებერვალს დიდი უპირატესობით მოუგო ნიკი ჰეილის და 68 პროცენტი მიიმხრო. ჰეილის შედეგი 27 პროცენტი იყო. იქ ტრამპმა 12 დელეგატი მოიპოვა, ჰეილიმ – 4.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის სამი პოლიტიკოსი იბრძვის, რომელთა შორისაა მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. დემოკრატების წინასაარჩევნო ღონისძიებები პარალელურად იმართება.
მანამდე ტრამპმა პირველად არჩევნებში წარმატებას უკვე 5 შტატში მიაღწია, მათ შორის ჰეილის მშობლიურ სამხრეთ კაროლინაში. ბაიდენმა მიჩიგანის გარდა, გაიმარჯვა სამხრეთ კაროლინაში, ნევადასა და ნიუ-ჰემპშირში.
საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილია 5 ნოემბრისთვის.
აშშ-ში პრეზიდენტს ირიბად ირჩევენ. პრეზიდენტის ვინაობა ირკვევა შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. საარჩევნო კოლეგიის წევრებს კენჭს უყრიან არჩევნების დღეს. კენჭისყრიდან 41 დღეში, 2024 წლის დეკემბერში მათ უნდა განსაზღვრონ პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის ვინაობა.