აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად მოიწვია თავისი კაბინეტი ხუთშაბათს, რათა მათთვის ეთქვა, რომ „თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს დეპარტამენტებზე და არა ილონ მასკი“. ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის ორი ჩინოვნიკის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ელონ მასკის ხარჯების შემცირების სამუშაო ჯგუფის შეზღუდვა დაიწყო და თავის მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაავალა, რომ „ყველაზე პროდუქტიული“ საჯარო მოხელეები გათავისუფლებისგან დაიცვან.
7 მარტს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო მდივნები და მასკი ესწრებოდნენ, ტრამპმა მიანიშნა, რომ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, შესაძლოა, ფედერალურ თანამშრომლებს ზედმეტად განურჩევლად ათავისუფლებდეს.
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მასკი ჩაერთო საუბარში და აღიარა, რომ იგი ეთანხმება ტრამპის დირექტივას.
ცნობისთვის, საქმე ეხება DOGE-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. გასულ თვეში, ტრამპის ადმინისტრაციამ, მთავრობის მიერ გაცემულ საკრედიტო ბარათებზე, რომლებსაც ფედერალური თანამშრომლები მოგზაურობისა და სამუშაო ხარჯების დასაფარად იყენებენ, ხარჯვის $1-დოლარიანი ლიმიტი დააწესა. როგორც აღმოჩნდა, DOGE-ის მანდატით საკრედიტო ბარათების გაყინვა კრიტიკული მარაგების მიწოდებას აჭიანურებს, მგზავრობას აჩერებს და თანამშრომლებს სამუშაოს შესრულებაში აბრკოლებს. ეს ყველაფერი კი ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ინიციატივას უკავშირდება.
