აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტება გააკეთა ორი „ატომური“ წყალქვეშა ნავის განლაგების შესახებ 1 აგვისტოს გაცემული ბრძანების თაობაზე.
„დიახ, ეს უნდა გაგვეკეთებინა. უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ. გაისმა მუქარა და ჩვენ ეს შეუფერებლად მივიჩნიეთ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყო. ამას ჩვენი ხალხის უსაფრთხოების [ინტერესებიდან] გამომდინარე ვაკეთებ. მუქარა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან გაისმა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს“, – ციტირებს ტრამპის სიტყვებს Reuters-ი.
ტრამპმა კვლავ არ ახსნა, თუ რას ნიშნავს „ატომური“ წყალქვეშა ნავები: აშშ-ს ჰყავს ატომურ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავები, რომლებიც მტრის წყალქვეშა ნავებთან საბრძოლველად არიან შექმნილი და ჰყავს წყალქვეშა ნავები, რომლებიც ბირთვული იარაღით არიან აღჭურვილი და, რომლებსაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ ბირთვული რაკეტების გაშვება. პენტაგონს ასეთი გემების გადაადგილება გასაიდუმლოებული აქვს.
1 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გასცა.
ტრამპმა 28 ივლისს გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად დადგენილ 50-დღიან ვადას ამცირებს. დიმიტრი მედვედევმა ამ განცხადების პასუხად თეთრი სახლის ხელმძღვანელს მოუწოდა, ახსოვდეს, რომ რუსეთი ისრაელი არ არის და ყოველი ახალი ულტიმატუმი ომისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„მე არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ, ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა, მე არ მაინტერესებს. ჩვენ ინდოეთთან ძალიან ცოტა საქმიანი ურთიერთობა გვქონია, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, თითქმის ყველაზე მაღალი მსოფლიოში. ასევე, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის არ აწარმოებენ საერთო ბიზნესს. დავტოვოთ ეს ისე, როგორც არის, და ვუთხრათ მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ის პრეზიდენტია, ყურადღება მიაქციოს თავის სიტყვებს, რადგან ის ძალიან საშიშ ტერიტორიაზე გადადის“, – დაწერა დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ფორუმი
