შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო ორ დღეში ახალ ადმინისტრაციაში კანდიდატები რამდენიმე წამყვან პოზიციაზე დაასახელა. შერჩეული პირები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ტრამპმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მისდამი ყველაზე ერთგულად განწყობილთა შორის იყვნენ.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნად, ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო განიხილება. თუმცა, ქვეყნის უმაღლესი დიპლომატის პოსტზე მისი ნომინაცია ტრამპის გარდამავალ გუნდს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია.
12 ნოემბრის ღამით, არჩეულმა პრეზიდენტმა პიტ ჰეგსეთი თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა. ის ომის ვეტერანია და ბოლო წლების განმავლობაში “ფოქს-ნიუსის” წამყვანი იყო.
დაკოტის შტატის გუბერნატორი კრისტი ნოემი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივნის პოსტზეა დასახელებული. ტრამპმა ჯონ რატკლიფი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორად წარადგინა. რატკლიფი მის ადმინისტრაციაში ბოლო 8 თვე ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე მსახურობდა.
სენატორი რუბიო და გუბერნატორი ნოემი ტრამპის საარჩევნო კამპანიის გუნდში თავიდან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებადაც განიხილებოდნენ. მაგრამ, მოგვიანებით ტრამპმა არჩევანი რესპუბლიკელ სენატორ ჯეი დი ვენსზე შეაჩერა, რომელიც ახლა ამერიკის არჩეული ვიცე-პრეზიდენტია.
ტრამპის განცხადებით, მილიარდერი ბიზნესმენი ელონ მასკი, ვივეკ რამასვამისთან ერთად, რომელიც მეწარმე და რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატია, ახალ სამთავრობო დეპარტამენტს გაუძღვებიან. არჩეულმა პრეზიდენტმა მას მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი დაარქვა. დეპარტამენტს ფედერალური მთავრობის “ფართომასშტაბიანი სტრუქტურული რეფორმირება” დაევალება.
კონგრესმენი ფლორიდიდან მაიკლ უოლცი დასახელებულია მრჩევლის პოსტზე ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. ცოტა ხნის წინ უოლცი სათავეში ედგა კონგრესის ინიციატივას, რომელიც ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტის სახელის შეცვლას და მისთვის ტრამპის სახელის დარქმევას ითვალისწინებდა.
გაეროში შეერთებული შტატების ელჩის პოსტზე ტრამპმა ელის სტეფანიკი წარადგინა, წარმომადგენელთა პალატის წევრი ნიუ-იორკის შტატიდან. არკანზასის ყოფილი გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი ისრაელის ელჩის თანამდებობაზეა დასახელებული.
არჩევნების წინ ტრამპმა, რომელიც შეცდომებს საჯაროდ ძალზე იშვიათად აღიარებს, ცნობილ პოდკასტერ ჯო როგანთან თქვა, რომ წინა საპრეზიდენტო ვადაში მისი უმთავრესი შეცდომა არასწორი კადრების შერჩევა იყო. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მან 2017-2021 წლებში სამუშაოზე “ცუდი ადამიანები, ან არაერთგული ხალხი” აიყვანა.
ტრამპის ყოფილი ოფიციალური პირების ნაწილი მას დღემდე მკაცრად აკრიტიკებს. მათ შორისაა მაგალითად ჯონ კელი, მისი აპარატის ყოფილი უფროსი და ჯონ ბოლტონი, თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. კელიმ მას შარშან “ფაშისტი” უწოდა, ბოლტონმა კი “იდიოტი”. ბოლტონი ფიქრობს, რომ ტრამპი ახლა მხოლოდ ისეთ ლიდერებს შეარჩევს, რომლებიც მას ყველაფერში დაეთანხმებიან.
არჩეულ პრეზიდენტს მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად, დღეს თეთრ სახლში სტუმრად ელიან. ის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო რეზიდენციაში ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიპატიჟა, რომელიც ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის ტრადიციის დაცვის აუცილებლობას გამუდმებით უსვამს ხაზს.