ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აპრილამდე გადადო 25%-იანი საბაჟო ტარიფების ამოქმედება მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე.
პრეზიდენტმა ტრამპმა ამ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეცვლა უკვე მეორედ 4 მარტს გადაწყვიტა, თუმცა, ორ დღეში გამოაცხადა, რომ საბაჟო გადასახადების ამოქმედება 2 აპრილამდე გადადო.
აშშ-ის პრეზიდენტმა 6 მარტს, თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ გადავადების გადაწყვეტილება მიიღო მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან საუბრის შემდეგ. თავად შეინბაუმმა განაცხადა, რომ ერთად იბრძოლებენ მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების და აშშ-დან მექსიკაში იარაღის კონტრაბანდის წინააღმდეგ.
იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა როგორც მექსიკის, ისე კანადისთვის საბაჟო ტარიფების დაწესების აპრილამდე გადავადების დოკუმენტს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად თებერვლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ კანადას და მექსიკას საბაჟო ტარიფებს უწესებს, რადგან ეს ქვეყნები ეფექტიანად არ ებრძვიან ნარკოტიკების კონტრაბანდას და საზღვრებს კარგად არ იცავენ. კანადამ და მექსიკამ განაცხადეს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას თავადაც ტარიფებით უპასუხებენ.
3 თებერვალს, კანადის და მექსიკის ლიდერებთან სატელეფონო საუბრების შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი ზომების მიღებას დაჰპირდნენ, ამიტომ ტარიფების ამოქმედება 4 მარტამდე შეაჩერა.
ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანადა და მექსიკა პირობის შესასრულებლად ეფექტიან ზომებს არ მიმართავენ, ამიტომ 4 მარტიდან ტარიფები ამოქმედდება.
მათ შორის 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესდა კანადიდან და მექსიკიდან ავტომობილების იმპორტს, თუმცა, მეორე დღეს, 5 მარტს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ავტომანქანები ახალი ტარიფისგან ერთი თვით გათავისუფლდნენ.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო უმსხვილესი ავტომწარმოებლების, Ford-ის, General Motors-ის და Stellantis-ის მოთხოვნით, რადგან მათ მნიშვნელოვნად დააზარალებდა კანადის და მექსიკის საპასუხო ტარიფები.
ამ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი თავად დონალდ ტრამპმა მოაწერა პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2018 წელს.
