აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შრომის სტატისტიკის კომისრის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა.
როგორც ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ წერს, მან საკუთარ გუნდს დაავალა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ შრომის სტატისტიკის კომისარი ერიკა მაკენტარფერი.
„ბიბისის“ ცნობით, ტრამპის ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ში დასაქმების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, მაისში, ივნისსა და ივლისში აშშ-ში სამუშაო ადგილების ზრდა გაცილებით მეტად შენელდა, ვიდრე ეს მანამდე იყო აღქმული, „რაც ეკონომიკისთვის სერიოზულ საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს.“
„მე მივეცი ჩემს გუნდს დავალება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბაიდენის პოლიტიკური ნიშნით დანიშნული ეს კადრი. ის ჩანაცვლდება ბევრად უფრო კვალიფიციური და კომპეტენტური ადამიანით“, – წერს ტრამპი.
ტრამპი მაკენტარფერს ადანაშაულებს იმაში, რომ მან განზრახ გააყალბა დასაქმების მაჩვენებლები აშშ-ში 2024 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რათა გაეზარდა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გამარჯვების შანსები.
„ასეთი მნიშვნელოვანი სტატისტიკა უნდა იყოს ობიექტური და ზუსტი. ამით პოლიტიკური მანიპულირება დაუშვებელია“, – განაცხადა ტრამპმა.
ერიკა მაკენტარფერი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაინიშნა შრომის სტატისტიკის კომისრად და პასუხისმგებელია იმ მონაცემების გამოქვეყნებაზე, რომლებიც ყოველთვიურად აჩვენებს აშშ-ის შრომით ბაზარზე არსებულ ტენდენციებს.
